წმინდა ევფსიქი
წმინდა მოწამე ევფსიქი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 სექტემბერი, ახალი სტილით - 20 სექტემბერი. იგი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როდესაც მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როდესაც მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. უფლის რჩეულს ჭრილობებიდან რძე და სისხლი ერთად სდიოდა. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წელი