კახათის წმინდა გიორგის ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა გიორგის ტაძარი (კახათი))

კახათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი — მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში.

ისტორია რედაქტირება

კახათში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას 2002 წელს ჩაეყარა საფუძველი. XX საუკუნეში კი ამ სოფელში მოქმედებდა წმინდა გიორგისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები. გადმოცემით ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ხისგან ყოფილა აგებული, მის დანგრევას ხელმძღვანელობდა თურმე ვინმე მიშა ხორავა, გადარჩენილი ეკლესიის ჯვარი კი დაუწვავს სერაპიონ ლოგუას, რომლის შთამომავლობაც მთლიანად ამოწყდა. იმ დროს ეკლესიის წინამძღვარი ყოფილა მღვდელი ლუკა ხუნწარია.

რაც შეეხება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, იგი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გამხდარა. ეს ვანდალური საქმე შეუსრულებია სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც ეკლესიის დანგრევის დროს თვალი ამოვარდნია. ეკლესიაში პირველი მღვდელი ყოფილა ნესტორ ჩიხლაძე, რომელიც ხონის რაიონის სოფელ გორდიდან ყოფილა წარმოშობით (იგი დადიანის ახლო ნათესავი ყოფილა). მისი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიაშუ მღვდლად აკურთხეს ყარამან ჩიხლაძე. მან სასულიერო სემინარია ოდესაში დაამთავრა. ყარამანის მამას კაცი ჰყავდა მოკლული, ამიტომ მას მტერი გამოუჩნდა, დააბეზღეს და შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლე (იაკუტია), საიდანაც ცოცხალი ვერ დაბრუნდა. ამ დროისათვის ეკლესიის დიაკვნები ყოფილან ზოსიმე ტაბაღუა და ივანე ჯიქია.

1883 წლის დეკემბერში გამოცემული გაზეთ „მწყემსში“ (#3 ) ვკითხულობთ:

 
„ „სოფელ კახათისათვის დღევანდელი დღე დასამახსოვრებელი და დიდი დღეა. დღეს შეგვისრულდა ცოტად მაინც, უჩინარი მამულის მოყვარე პირთა წადილი, აქ გაიხსნა სამრევლო სკოლა. ზუგდიდის ოკრუგის ბლაღოჩინმა, დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ, თანდასწრებით ადგილობრივი მღვდლისა ჯგუშიასა და რამდენიმე გარეშე პირთა, გადაიხადა პარაკლისი ახალ გახსნილ სკოლაში, რომელიც ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. აქ პატივცემულმა მღვდლის შვილმან ვ.ჯგუშიამ, შემდეგ მოვლენებისა კახათის დეკანოზმა მ.მეუნარგიამ წარმოსტქვა რამდენიმე სიტყვა სწავლა-განათლების მნიშვნელობაზედ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იქ მყოფ პირებზე. სასიხარულოა ეს საქმე მით უფრო ჩვენთვის, რომ აქ ვერ უშველეთ რა სასოფლო სკოლის გახსნას და როგორც ამ სოფელში, აგრეთვე გარშემო სოფლებშიც არ არსებობს არავითარი სამოსწავლო სკოლა“.“

2004 წლის 7 ნოემბერს, ახლადაგებული ეკლესია მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ წმინდა გიორგის სახელზე აკურთხა. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი გაბრიელ გულორდავა, ქტიტორი - სოლომონ კაკულია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება