წმინდა მოწამე აზამართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 19 ნოემბერი, ახალი სტილით - 2 დეკემბერი. წმინდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი ისავრიაში (მცირე აზია) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. აზა თავდაპირველად მეომარი იყო, მაგრამ შემდეგ დატოვა სამხედრო სამსახური და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. წმინდა ცხოვრებისათვის უფალმა მას სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი მიმადლა. როდესაც ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპარქ აკვილინეს ბრძანებით აზაც დაატუსაღეს. წმინდანმა მის შესაპყრობად გაგზავნილი ასორმოცდაათი მხედარი გზად ქრისტიანობაზე მოაქცია და მისივე ლოცვით სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროში მონათლა. ახალნათელღებულ მეომრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმინდა აზა, მაგრამ უფლის რჩეულმა აიძულა ისინი, აღესრულებინათ მცნება ხორციელი ხელისუფლების მორჩილების შესახებ და ეპარქთან მიეყვანათ. სამსჯავროზე მხედრებმა ნეტარ აზასთან ერთად მტკიცედ აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება, რისთვისაც ყველას თავები მოკვეთეს. აკვილინემ მათთან ერთად სიკვდილით დასაჯა საკუთარი ცოლი და ასულიც, რომლებიც ესწრებოდნენ აზას წამებას და, იხილეს რა მისი შეურყევლობა, ქრისტიანობაზე მოექცნენ.

წმინდა აზა

ლიტერატურა რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.