წითლანიქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ისევე როგორც მრავალ ჯიშს საქართველოში ამ ვაზსაც ფერის მაუწყებელი სახელი ჰქვია. წითლანის ყურძნისგან მოსახლეობა ღვინოს ამზადებდა, აგრეთვე სხვა ჯიშებთან შერევით საკუპაჟე მასალად იყენებდა. ზოგ შემთხვევაში კი ყურძენს ვაზზე ტოვებდა და დეკემბერსა და იანვარში საჭიროებისამებრ კრეფდა.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლად ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირ^ ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგ შემთხვევაში ფრთიანი, თხელი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. მუქი-ვარდისფერია. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი, გემო — ტკბილი.

წითლანი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდი 208 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 100-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10.8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება სასიამოვნო და მომატებული მჟავიანობით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 478