წითელხევის თეთრი ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წითელხევის თეთრი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია აგებულია XIX საუკუნეში.

წითელხევის თეთრი ეკლესია

სოფლის დარბაზული ეკლესია ნაგებია შიგნიდან უხეშად თლილი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია ეკლარის მოყვითალო, იდეალურად თლილი კვადრებით. წყობა თარაზულია. ეკლესია არქიტექტურულად წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით შვერილი, სამწახნაგა აბსიდით. სამივე წახნაგში მაღალი თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. ჩრდილოეთით სამი სხვადასხვა ზომის ნიშაა მოწყობილი. აბსიდის ცენტრში მასიური ტრაპეზის ქვა დგას. სფერული კონქის სატრიუმფო თაღი პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ორსაფეხურიანი სოლეა და ხის კანკელია. კანკელი დაზიანებულია. გრძივ კედლებში გაჭრილი თაღოვანი კარ-სარკმლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულადაა განლაგებული. ნაგებობის კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. პირველი საფეხურებიდან იშლება კედლის დეკორატიული თაღები. მეორე საფეხურებზე დაბჯენილია იმპოსტები, რომელთაც ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთით კამარის თაღი კუთხის პილასტრებს ეყრდნობა. შესასვლელი დატანებულია დასავლეთითაც. ამავე კედელში მოწყობილია სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედი. ინტერიერში კედლებზე შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები. ეკლესიის ფასადებზე აქცენტირებულია ღიობთა ლილვოვანი მოჩარჩოება. შესასვლელთა ტიმპანებზე გოლგოთას ჯვრების რელიეფური გამოსახულებებია. დასავლეთ კართან მოწყობილია ხუთსაფეხურიანი ბაქანი. ეკლესიის კარნიზი თაროს ფორმისაა. დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე. დასავლეთის კეხზე მოწყობილია სამრეკლო, რომელიც ღია ფანჩატურს წარმოადგენს. ეკლესია დღესდღეობით მოქმედია და რეგულარულად ტარდება წირვა-ლოცვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10040