წითელოური
წითელოური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.
სახელწოდება შერქმეული აქვს მტევნის შეფერილობის გამო.
უძველესი დროიდან ლეჩხუმში ყოფილა გავრცელებული. ამჟამად მცირე ნარგავებია სოფელ ჩხუტულში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია ან ძალიან თხელი აბლა-ბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის, ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი. მუქი ვარდისფერი ან მუქი წითელი. კანი თხელი აქვს, ნაკლებად მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ძალიან წვნიანია, წვენი — შეუფერავი.
წითელოური საშუალო ზრდა-განვითარებისა და მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 120-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-9.0 გ/ლ-ს.
გამოიყენება ხალისიანი და დაბალალკოჰოლური სუფრის ვარდისფერი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 475-476
- გაზ. „ჩვენი სოფელი“, №6 (56), 1 სექტემბერი 2020, გვ. 11.