ძოხოევის დაჯგუფება
ძოხოევის დაჯგუფება — შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფება საქართველოში 1916-1924 წლებში.
დაჯგუფება 1916 წელს შექმნეს რუსეთის არმიის რიგებიდან გაქცეულმა დიანოზ ძოხოევმა და გურგენა გულარაშვილმა. ბანდა ძირითადად დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედებდა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით და დაუნდობლობით, თავს ესხმოდა სოფლებს, ყაჩაღობდა საქართველოს სამხედრო გზაზე. 1918 წლიდან ბანდის დევნაში ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქტიურად მონაწილეობდა მოხალისე ნიკოლოზ ბედოშვილი, რომელსაც ყაჩაღებმა რამდენიმე ნათესავი მოუკლეს.
1921 წლის დასაწყისში დაჯგუფება ჩრდილოეთ კავკასიაში (ძირითადად ტერის ოკრუგში) გადავიდა. იმავე წლის თებერვალში გურგენ გულარაშვილი წითელ არმიას შემოჰყვა საქართველოში და დუშეთის მილიციაში დაიწყო მუშაობა. 1923 წლის მარტში ბედოშვილმა ძოხოევს ვლადიკავკაზში მიაგნო, დააპატიმრა და დუშეთში გაგზავნა, თუმცა ყაჩაღმა გაქცევა მოახერხა. მას შეუერთდნენ მილიციელი გულარაშვილი და სხვა თანამზრახველები. დაჯგუფებასთან ბრძოლა ბედოშვილის მოხალისეთა რაზმთან ერთად ამჯერად საბჭოთა „ჩეკამ“ განაგრძო. ბანდის საბოლოო ლიკვიდაცია მხოლოდ 1924 წლის დეკემბერში მოხერხდა, როდესაც დაპატიმრების მცდელობისას ცალ-ცალკე მოკლეს ძოხოევი და გულარაშვილი.
ძოხოევის დაჯგუფება XX საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში, მოუხელთებელი და სასტიკი კრიმინალური ბანდა იყო. მის მოქმედებას პოლიტიკური მოტივი და მიზნები არ ჰქონია. დაჯგუფების წევრებს მიეწერებათ 1916-1924 წლებში ჩადენილი 114 მკვლელობა, 21 დაჭრა, 25 გაუპატიურება, 47 ძარცვა და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- თულნი (პროექტის ხელმძღვ. — ომარ თუშურაშვილი), თბ., 2015. — გვ. 75-84.