ძველბერძნული კალენდარი

ძველბერძნული კალენდარიძველ საბერძნეთში მოქმედი მთვარე-მზისიერი კალენდარი.

გემინი თავის „ასტრონომიის ელემენტებში“ ამტკიცებდა, რომ ბერძნებს ღმერთებისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ მამაპაპათა მიერ დატოვებული წესჩვეულების შესაბამისად. ძველი ქურუმები დღესასწაულების დასაანგარიშებლად მიმართავდნენ მთვარისა და მზის განლაგებას ცის კამარაზე. ძველბარძენთა რწმენით, იმსათვის რომ ღვთის რისხვისაგან თავი აერიდებინათ, საჭირო იყო დღესასწაულობა და მსხვერპლშეწირვა მომხდარიყო იმ დღეს, რომელ დღესაც ამას ელოდნენ მათგან თავად ღმერთები.

ტრიტერიდა

რედაქტირება

უძველეს დროში ბერძნები, ისე როგორც სხვა ხალხები, არავითარ კალენდარს არ იყენებდნენ. შემდგომ, როდესაც დროის აღნიშვნა გახდა სავალდებულო, ცხოვრების სხვადასხვა საკითხების აღსანიშნავად, ბერძნებმა შემოიღეს 30 დღიანი თვეები და 12 თვიანი წელიწადი. ამგვარი წელიწადი 12×30=360 დღიანი იყო და ამიტომ მალე ყველასათვის ნათელი გახდა მისი უსარგებლობა. ამის შემდეგ ბერძნებმა დაიწყეს ყოველ მესამე წლის ბოლოს თითო თვის დამატება, ამგვარი სამწლედი (ძვ. ბერძნ. Τρίτηρίς [ტრიტერიდა]) უკვე შეადგენდა (3×360)+30=1110 დღე-ღამეს (წელიწადში საშუალოდ 370 დღე-ღამე).

ტეტრაეტერიდა

რედაქტირება

ვინაიდან ბერძნული სამწლედი 14,25 დღით მეტი იყო ჩვეულებრივ (ტროპიკულ) სამწელედზე, დაიწყეს სხვა საშუალებების ძება ამ მიმართულებით. მათ სამწლედი გადააქციეს ოთხწლედად (ძვ. ბერძნ. Τετραετηρίς [ტეტრაეტერიდა]), რომელიც შედგებოდა 4×12=48 თვისაგან, სადაც უკანასკნელ 48-ე თვეს აანგარიშობდნენ 29 დღიან თვედ, რის შედეგადაც ღებულობდნენ (47×30)+29=1439 დღიან ოთხწლედს (წელიწადში საშუალოდ 359,75 დღე-ღამე). იგი გაუთანასწორეს 49 მთვარის სინოდურ თვეს, რომელიც შეადგენდა 49×29,53=1447 დღეს. ამ შემთხვევაში ჩნდებოდა 8 დღიანი განსხვავება, რომლებსაც ბერძნები ანაწილებდნენ ყოველი წლის ბოლოს, ორდღიანი დანამატის სახით (ამ დროს ხდებოდა მათი მმართველობის არჩევნები). ამგვარი მანიპულაციის შედეგად ბერძნული ტეტრაეტერიდა გახდა 362+362+362+361=1447 დღიანი ოთხწლედი.

ოქტაეტერიდა

რედაქტირება

არც ასეთი გამოთვლები იძლეოდა სასურველ შედეგებს. ამიტომ ბერძნებმა სცადეს ჯერ ხუთწლედის და შემდეგ რვაწლედის საშუალებით გაესწორებინათ შემჩნეული ხარვეზები. საბოლოოდ მაინც შეჩერდნენ რვაწლედზე (ძვ. ბერძნ. Οκταετηρίς [ოქტაეტერიდა]), რომლის გამოგონებასაც მეცნიერები სხვადასხვა ასტრონომებს მიაწერენ: ზოგი ფიქრობდა, რომ იგი ეკუთვნოდა ევდოქსეს, ზოგი — კლეოსტრატეს და სხვას. არსებობს მოსაზრება, რომ ბერძნებს ოქტაეტერიდა დაუნერგა სოლონმა, რომლის კანონებიც გამოვიდა 46 ოლიმპიადების მესამე წელს, ანუ ძვ. წ. 594 წელს. სინამდვილეში ბეძნებს კალენდრის რვაწლიანი სისტემა ოთხწლედზე ადრე ჰქონდათ მიღებული, რადგანაც ძველად ოლიმპიადები წელიწადში ერთხელ იმართებოდა. შემდგომ დაჩქარების მიზნით, რვაწლედში ორჯერ ატარებდნენ ოლიმპიადებს, რის შედეგადაც გაჩნდა ოლიმპიადებთან დაკავშირებული ოთხწლიანი გამოთვლები.

ბერძნული რვაწლედი იული აფრიკელის და წმინდა ეპიფანეს ცნობებით წარმოადგენდა 2922 დღიან პერიოდს, რომელიც შედგებოდა 5+3=8 მთვარის წლისაგან, სადაც 5 წელი იყო უბრალო, თითოეული 12 თვიანი და 29,5×12=354 დღიანი, ხოლო 3 წელი ნაკიანი — 13 თვიანი და (29,5×12)+30=384 დღიანი. მთლიანად ასეთი რვაწლედი შედგებოდა (354×5)+(384×3)=2922 დღისაგან. რვაწლედში ნაკიანი წლების განლაგება სხვადასხვაგვარი იყო. ბერძნებს მიღებული ჰქონდათ რვაწლედის III, V და VIII წლები. თითოეულ რვაწლედში მთვარის და მზის წლების შეთანაბრება იძლეოდა 1,5 დღიან განსხვავებას, ამიტომ ბერძნები ცდილობდნენ სხვადასხვა საშუალებით მოესპოთ ასეთი უხერხულობა, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.

ეკკედეკატერიდა

რედაქტირება

როდესაც გამოირკვა, რომ რვაწლედის გამოთვლებს გააჩნდა ხარვეზები, ბერძნებმა სცადეს წელთაღრიცხვა ეწარმოებინათ 16 წლედით, ფაქტობრივად გაორმაგებული რვაწლედით. ამგვარი გამოთვლებით 16 წლედი (ძვ. ბერძნ. Εκκαιδεκαετηρίς [ეკკედეკატერიდა]) შედგებოდა ორი რვაწლედისაგან, რომელსაც უმატებდნენ კიდევ 3 დღეს. ამ შემთხვევაში თვით 8 წლედი შედგებოდა 2923,5 დღისაგან, რომელსაც ანაწილებდნენ 99 თვეზე, რაც საშუალოდ იძლეოდა 29,5 დღეს და კიდევ 1/33 ნაწილს.

მეტონის ციკლი

რედაქტირება

არც ეს მეთოდი იყო სრულყოფილი, რადგანაც 160 წლის შემდეგ 30 დღით წაიწევდა კალენდარული გამოთვლები, ამიტომ საბოლოოდ გაჩერდნენ 19 წლიან სისტემაზე, რომლის აღმოჩენაც მეტონს მიეწერება. მეტონის გამოთვლით 19 მზის წელიწადი უდრიდა 235 მთვარის თვეს.

რადგანაც ბერძნული თვე შედგებოდა 30 დღისაგან, მისი დანაწილებას ახდენდნენ სამ თანაბარ მონაკვეთად. თითოეული 10 დღის ოდენობით, რომელსაც დეკადა ეწოდებოდა. როდესაც თვე შედგებოდა 29 დღისაგან, უკანასკნელი დეკადა 9 დღიანი ხდებოდა. დღეების გამოთვლა პირველსა და მეორე დეკადაში წარმოებდა ჩვეულებრივი წესით: I დეკადის პირველი დღე, მეორე, მესამე და სხვა; II დეკადის პირველი დღეს, მეორე, მესამე და სხვა; III დეკადაში თვლა მიდიოდა შებრუნებით, ამ შემთხვევაში თვის 21 რიცხვს უწოდებდნენ მე-10-ე დღე ახალ თვემდის, 22 რიცხვს — 9 დღე ახალ თვემდის, 23 რიცხვს — 8 დღე ახალ თვემდის და ასე შემდეგ.

თვეთა სახელწოდებანი

რედაქტირება
  1. ეკატომვეონ (ძვ. ბერძნ. Εκατομβαιών) — ივლისი-აგვისტო;
  2. მეტაგიტანიონ (ძვ. ბერძნ. Μεταγειτνιών) — აგვისტო-სექტემბერი;
  3. ფიოდრომიონ (ძვ. ბერძნ. Βοηδρομιών) — სექტემბერი-ოქტომბერი;
  4. პიანეპსიონ (ძვ. ბერძნ. Πυανεψιών) — ოქტომბერი-ნოემბერი;
  5. მემკატერიონ (ძვ. ბერძნ. Μαιμακτηριών) — ნოემბერი-დეკემბერი;
  6. პოსეიდეიონ (ძვ. ბერძნ. Ποσειδεών) — დეკემბერი-იანვარი;
  7. გამელიონ (ძვ. ბერძნ. Γαμηλιών) — იანვარი-თებერვალი;
  8. ანფესტერიონ (ძვ. ბერძნ. Ανθεστηριών) — თებერვალი-მარტი;
  9. ელაფებოლიონ (ძვ. ბერძნ. Ελαφηβολιών) — მარტი-აპრილი;
  10. მუნიხიონ (ძვ. ბერძნ. Μουνιχιών) — აპრილი-მაისი;
  11. ფარგელლიონ (ძვ. ბერძნ. Θαργηλιών) — მაისი-ივნისი;
  12. სკიროფიონ (ძვ. ბერძნ. Σκιροφοριών) — ივნისი-ივლისი.

ნაკიანი წლების დროს, ძველბერძნები მე-13 თვეს სვამდნენ წელიწადის შუალედში , მას იგივე VI თვის სახელი — პოსეიდიონ ერქვა. წელიწადი იწყებოდა ზაფხულის მზებუდობის დროს ახალმთვარეობიდან, თვე ეკატომვეონით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Лебедев Д., «К истории времясчисления у евреев, греков и римлян», Петроград, 1914, сс. 41-114