ძევერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძევერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მინდორში. თარიღდება განვითარებადი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7 X 10 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვით და რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილი და ლავგარდანი, ჩრდილოეთი კედელი მთლიანად, აღმოსავლეთი კედელი სარკმლის გასწვრივ, მთელ სიმაღლეზე; მონგრეულია კუთხეები, დაბზარულია შენობის სამხრეთ-დასავლეთ კედელი კუთხესთან. შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთის და დასავლეთის ფასადების სარკმლის ძირი ნახევარწრიულია, ამოკვეთილია ერთ ქვაში. მომრგვალებულკუთხებიანი საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრების პირველ საფეხურს ეყრდნობა კედლის დეკორატიული თაღები, მეორე საფეხურს და დასავლეთ კუთხის პილასტრებს - კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ორივე მხარეს, კედელზე, შემორჩენილია ქვის თითო საწორკუთხა ბუდე. გადმოცემით, ამ ქვებზე წარწერები ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.