ძეგლევის წმინდა გიორგის ეკლესია
ძეგლევის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგლევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ქართული აგური. ფასადები მოგვიანებით შეულესიათ.
სწორკუთხა, დარბაზული ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია შებრტყელებული, ნახევარწრიული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო შეისრულთაღიანი ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ხის კანკელი მოხატული წმინდანების გამოსახულებებით.
ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი შეისრულთაღიანი ნიშაა მოწყობილი. კამარის დასავლეთი საბჯენი თაღი კუთხის პილასტრებს ეყრდნობა.
ეკლესიას დასავლეთით მინაშენი ჰქონია, რომლისგანაც შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი.
ნაგებობა დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა და კედლების ზედა ნაწილები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 242–243. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.