ცხენისძუძუ თეთრი მესხური

ცხენისძუძუ თეთრი მესხურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

მაღლარების სახითაა მესხეთის სოფლებში: აწყური, მარდა, სარო, ტოლოში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასული ფოთოლი საშუალო ზომისაა, გულისმაგვარი ფორმის, ხუთნაკვთიანი, გვხვდება სამნაკვთიანიც. ფოთლის ქვედა მხარე ოდნავაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი კონუ-სურია, ახასიათებს დატოტვა. თხელია. მარცვალი მოგრძო-კვერცხისმაგვარია, ქარვისფერი. კანი თხელი აქვს, სუსტად განვითარებული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, საკმაოდ წვნიანი, სასიამოვნო გემოთი.

ცხენისძუძუ თეთრი ძლიერი ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160-170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 150 გრამამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინო, იგი ღია ჩალისფერია, მოყვითალო იერით და არომატული. დაძველებულს ახასიათებს მსხლის კომპოტის სურნელი. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საშუალო ღირსების სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 458