ციხისუბნის კომპლექსი
ციხისუბნის კომპლექსი — დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის აღმოსავლეთ უბანში, რომელსაც ციხისუბანს უწოდებენ, მდინარის მარცხენა ნაპირზე, შემაღლებულ ფერდობზე. განეკუთვნება გვიანფეოდალურ ხანას.
კომპლექსის შემადგენლობაში შედის დარბაზული ეკლესია, კოშკი და საცხოვრებელი სახლი. გზიდანვე მოსჩანს ადგილის დომინანტი - მაღალი მძლავრი კოშკი. გეგმაში წრიული, ოთხსართულიანი, ქონგურებჩამორღვეული კოშკი ლეკიანობის დროინდელია. მსგავსი საფორთიფიკაციო ნაგებობები XVII-XVIII საუკუნეებში ქართლ-კახეთის მთელ ტერიტორიებზე გვხვდება. ერთნავიანი ტაძარი უშუალოდ კოშკის ჩრდილოეთით დგას, მისგან ერთიოდე მეტრითაა დაცილებული და დასავლეთითაა საგრძნობლად ჩაწეული. კოშკიც და ტაძარიც ტერივილების საგვარეულოს ეკუთვნოდა, რაზეც მეტყველებს ტაძარში შემორჩენილი საფლავის წარწერებიც. გრემისხევს ტერიშვილის გვარი ჩანს 1669 წლის წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელში. 1781 წელს ზაალ ტერიშვილი გრემისხევის მოურავად იწოდება, რომელსაც ერეკლე II ძე ვახტანგი (ეს ტერიტორია მისი საუფლისწულო მამულია) ოცი წელი „ხარბად მყოფი“ გრემისხევის მოშენებას ავალებს მისივე დოვლათით. გრემისხევი სოფლად იწოდება 1392 წლის საკათალიკოსო სითარხნის გუჯარში. თუმცა ამ სახელით იწოდება ასევე გარკვეული ტერიტორიაც ნარეკვავის ხეობის ზემო წელზე. თავად ციხისუბანზე არანაირი ცნობა არ შემორჩენილა, იგი არ აქვს მოხსენიებული არც ვახუშტი ბატონიშვილს და ჩანს, რომ ციხისუბანი ლეკებისგან იავარქმნილი და მიტოვებული გრემისხევის ხელმეორედ შენების (1781 წლის აქეთ) შემდგომია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38198