ციხისოფლის სამონასტრო კომპლექსი

ციხისოფლის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, ხუროთმოძღვრული ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისოფელში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

მდინარე ალეურას ხეობაში, მთაზე მდებარე კომპლექსი მოიცავს დიდ ტერიტორიას და შედგება კოშკის, ეკლესიის, სატრაპეზოსა და სხვა ნაგებობებისგან. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის, უხეშად თლილი, თეთრი ფერის ქვა. გალავნის შიგნით, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ზურგიანი კოშკის ნანგრევია შემორჩენილი. კოშკის მხოლოდ სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლები დგას. იკითხება სამი სართულის დონე. ზურგი კოშკს დასავლეთიდან ჰქონდა. კოშკიდან სამხრეთ-დასავლეთით გეგმით წაგრძელებული ნაგებობის ნაშთია (სატრაპეზო), რომლის კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთით, კიდევ ერთი,  გაურკვეველი დანიშნულების, გეგმით სწორკუთხა სათავსი დგას, მცირე ზომის ეკლესია, გალავნის გარეთ, სამხრეთ აღმოსავლეთით დგას და გეგმით კვადრატს უახლოვდება, სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში ვიწრო სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში მასიური ქვა თაროსებრადაა გამოწეული. კონქზე გადასვლა ტრომპების საშუალებით ხდებოდა. ამჟამად კამარა და კონქი ჩამოქცეულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოწყობილი. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1,5–2 მეტრის სიმაღლეზე. დაზიანების გამო კომპლექსის დანარჩენ ნაგებობათა დანიშნულება გაურკვეველია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება