ჩიხის სამების ეკლესია (ჭიღლაძეების უბანი)
ჩიხის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში, ჭიღლაძეების უბნის სასაფლაოზე.
ეკლესია დარბაზულია (8,5X5,0 მ). შენობის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია, აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით, რომლის სარკმლის ორივე მხარეზე თითო ნიშაა განლაგებული. დარბაზში ორი თაღოვანი კარით შევდივართ, რომელთა ბალავრის ქვები კედლის სისქეშია ჩადგმული. მესამე კარი, რომელიც საკურთხეველთან ახლოს ჩრდილო კედელშია გაჭრილი, ამოშენებულია ისე, რომ შიგნიდან კარის ფორმის ნიშაა დატოვებული. სამხრეთის კედელში ცენტრიდან ოდნავ აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელი მდებარეობს. ინტერიერის მხატვრული სახე სადაა, ძირითადი აქცენტი საკურთხევლისკენაა გადატანილი, რასაც აძლიერებს ის, რომ დარბაზი აღმოსავლეთისაკენ ოდნავ ფართოვდება. კედლები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. თლილი ქვის ფილებითაა აგრეთვე დაგებული იატაკი, რომლის საკურთხევლის ნაწილი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. გრძივი კედლები გაძლიერებულია შუაში წყვილი ორსაფეხურიანი, ხოლო დასავლეთ კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებით, რომელთა კაპიტელებს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. კონქის თაღი იმპოსტებზეა დაბჯენილი. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა. ფასადები მოკლებულია ყოველგვარ დეკორს, კედლები მოპირკეთებულია ღია ვარდისფერი სწორკუთხა, თლილი ქვის ფილებით. წყობა თარაზულია. კარნიზი კვეთაში თაროსა და ლილვის ფორმისაა. შენობა ორსაფეხურიან ზეძირკველზე დგას, რომელსაც აღმოსავლეთიდან ერთი საფეხურიც ემატება. სამხრეთი კარის წინ სამსაფეხურიანი კიბეა მოწყობილი. ეკლესიის სახურავი კრამიტისაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9045