ჩიხის სამების ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიხის სამების ეკლესია (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩიხის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში, მდებარეობს სოფლის ცენტრში, ახალ სასაფლაოზე.

ეკლესიის ზომებია 21X10 მ. შენობის ცენტრალური ნაწილი სწორკუთხა, წაგრძელებული გეგმარების დარბაზს უკავია, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვრის სწორკუთხა, განივი ღერძის გასწვრივ წაგრძელებული გეგმის საკურთხეველი, დასავლეთიდან კი კვადრატული გეგმის ორსართულიანი სამრეკლო.

გრძივი კედლების ცენტრალურ ნაწილებში ერთმანეთის პირისპირ თითო, ნაოთხალიანი, თაღოვანი კარია გაჭრილი, რომელთა ორივე მხარეს თითო თაღოვანი სარკმელია განლაგებული. საკურთხეველს დარბაზი სამი ფართო, თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება. (მათგან შუათანა უფრო ფართოა). საკურთხევლის სამივე კედლის ცენტრალურ ნაწილებში თითო სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველი სიგრძით დარბაზის განივ კედელზე უფრო მოკლეა და ამიტომ მისი ჩრდილო და სამხრეთი კედლები დარბაზის შესაბამის კედლებთან კონტაქტში თითო საფეხურს ქმნის. ფართო გასასვლელით იყო აგრეთვე დაკავშირებული დარბაზი სამრეკლოს პირველ სართულთან. სამრეკლოს პირველ სართულში გასასვლელიც საკმაოდ ფართო ყოფილა, მაგრამ შემდეგ დაუვიწროვებიათ.

სამრეკლოს პირველი სართული კვადრატული გეგმარების სათავსს წარმოადგენს დასავლეთიდან თაღოვანი კარითა და ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან თითო თაღოვანი სარკმლით, ხოლო მეორე სართული სვეტებზეა დაყრდნობილი. სამ მხარეზე თაღებით გახსნილი ფანჩატურია. სამრეკლოს ოთხფერდა სახურავს თუნუქის საბურავი აქვს მოწყობილი. ეკლესია მოხატულია, იატაკი დამუშავებული, თლილი ქვისაა, გუმბათის შიდა მხარე ხითაა მოპირკეთებული. ექსტერიერის მხატვრული სახის მისაღწევად უხვადაა გამოყენებული არქიტექტურული გაფორმების საშუალებები. ხაზგასმულია და გამოკვეთილია ყველა კონსტრუქციული ნაწილი. გარეგნულ სახეში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სამი მთავარი მასის ურთიერთობა: ცენტრში დარბაზისა, რომელიც ყველაზე დიდი ზომისაა და განსაკუთრებითაა გაფორმებული, აღმოსავლეთით საკურთხევლისა, მცირე ზომითა და სადა დეკორით და დასავლეთით სამრეკლოსი, რომელიც ვიწრო, მაღალი და ყველაზე უფრო დინამიკურია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9048