ჩიგოიანის პირველი ეკლესია
ჩიგოიანის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გარდამავალ ხანაში.
მთაზე მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლები. სამხრეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფიქალი, რომელიც შემდეგ შელესილი იყო. მარკანტული ნაწილები შირიმისაა. დარბაზი გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. სწორკუთხა საკურთხევლში გაჭრილია მაღალი, შიგნით არქიტრავული, გარეთ თაღოვანი, საფეხურებიანი სარკმელი. სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა მოთავსებული. ჩრდილოეთ კედელში ორი მცირე ზომის ნიშაა, ერთიც დასავლეთ კედელშია. ეკლესიაში მიწის დონე საგრძნობლად არის აწეული, კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლებზე შემორჩენილია ნალესობის კვალი. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე შემორჩენილია შირიმის ქვის კარნიზი. აღმოსავლეთ ფრონტონის კარნიზის ქვაზე ჯვრებია გამოსახული. ეკლესიაში დევს დამუშავებული სათაურის ქვა. შესაძლოა ქვა სამხრეთი სარკმლისა იყოს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 209–210. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.