შუა ალევის ღვთისმშობლის ეკლესია

შუა ალევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ალევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, კედლები შეაბათქაშეს და შეათეთრეს.

გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის ეკლესია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილი შიგნით სწორკუთხა _ გარეთ თაღოვანი სარკმელის ჩრდილოეთით და სამხრეთით დიდი ზომის, ფართე, თაღოვანი ნიშებია. კონქს შეისრული ფორმა აქვს. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზთან შედარებით.

გრძივი კედლები წყვილი პილასტრების საშუალებით სამ არათანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებს ეყრდნობა შეისრული კამარის საბრჯენი თაღები. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში მოთავსებულია ნაოთხალიანი სარკმლები. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთიდანაა, ჩრდილოეთი შესასვლელი კი მოგვიანებითაა გაჭრილი. იატაკზე მოგებულია ქართული აგური.

ინტერიერი შელესილ-შეთეთრებულია. ეკლესიაში მოწყობილი იყო საწყობი და ამდენად აქ ბევრი რამ გადაკეთებულია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზევით, წყობაში ჩაძირული სამი ჯვრის გამოსახულებაა. ლავგარდანი აგურის კბილანისებრი წყობითაა შესრულებული. ნაგებობის სახურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის კედლები დაბზარულია, ხოლო გადახურვა დაზიანებული. მოსახლეობამ ძეგლს საწყობისათვის დასავლეთიდან მიაშენა სათავსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 194