ნიუ
ნიუ (ფრანგ. nu — შიშველი, გახდილი) — სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც შიშველ (უმეტესად ქალის) სხეულს გამოსახავს. ნიუ არ ემსახურება სასწავლო მიზნებს, არც სურათის მოსამზადებელი მასალაა, იგი როგორც წესი, დამოუკიდებელი მხატვრული ნამუშევარია. ნიუს განვითარება დაკავშირებულია ადამიანის შიშველი სხეულის გამოსახულებასთან და ასახავს ამა თუ იმ ქვეყნისა და ეპოქის სილამაზის იდეალს. ნიუს საფუძველი ჩაეყარა აღორძინების ეპოქაში. იტალიური ჰუმანიზმისათვის დამახასიათებელი სილამაზის იდეალი აისახა ჯორჯონეს, ტიციანის, კორეჯოს და სხვების შემოქმედებაში. ნიუს, როგორც ჟანრის, ფორმირება XVII საუკუნეში სენსუალიზმის იდეის გავრცელებასთან ერთად მოხდა. პეტერ პაულ რუბენსის ნაწარმოებებში გამოყენებულია ბაროკოს მდიდრული ფორმები („ქურქი“, დაახლოებით 1638-1640, სამხატვრო-ისტორიული მუზეუმი, ვენა), შიშველი ქალის გამოსახულებას ადგილი დაუთმო თავის შემოქმედებაში ველასკესმა („ვენერა სარკის წინ“, 1651, ეროვნული გალერეა, ლონდონი), რემბრანდტმა უარი თქვა მოდელის იდეალიზაციაზე და შექმნა ინტიმურ-ყოფითი ნამუშევრები („დანაე“, 1636, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). XVIII საუკუნეში ნიუ ფართოდ გავრცელდა ფრანგული როკოკოს ხელოვნებაში. XIX საუკუნის I ნახევარში ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრმა სინამდვილეს დაუპირისპირა სილამაზის კლასიკური, იდეალური კანონები („წყარო“, 1856, ლუვრი, პარიზი). გუსტავ კურბეს ადრინდელი ნამუშევრები დემოკრატიულია, ედუარ მანემ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა მითოლოგიასთან და მოდელი რეალურ გარემოში მოგვცა („ოლიმპია“, 1863, იმპრესიონიზმის მუზეუმი, პარიზი); ბენუბისაგან განუყოფელია შიშველი ქალის ფიგურა პიერ ოგიუსტ რენუარის ნამუშევრებში („ნიუ მზეზე“, 1876, იმპრესიონიზმის მუზეუმი). XX საუკუნის ხელოვნებაში ჩნდება გამოსახვის ახალი ხერხები (პაბლო პიკასო, ჟორჟ რუო, ამედეო მოდილიანი და სხვები), რომელთაც სახის ექსპრესიულობის გაძლიერება მოჰყვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 7, გვ. 445-446, თბ., 1984
- Berry, William A. (1977). Drawing the Human Form: A Guide to Drawing from Life. New York: Van Nortrand Reinhold Co.. ISBN 0-442-20717-4.
- Borzello, Frances (2012). The Naked Nude. New York: Thames & Hudson Inc.. ISBN 978-0-500-23892-9.
- Clark, Kenneth (1956). The Nude: A Study in Ideal Form. Princeton: Princeton University Press. ISBN 0-691-01788-3.
- (1984) რედ. Dawes, Richard: John Hedgecoe's Nude Phtotgraphy. New York: Simon and Schuster.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Francis Bacon. Estate of Francis Bacon. ციტირების თარიღი: 10 November 2012.
- Leopold Museum, Austria -Nude Men