შიფრაცია
შიფრაცია — კრიპტოგრაფიაში აღნიშნავს კრიპტოგრაფიული შიფრის გამოყენებით ღია ტექსტის შიფროტექსტად გარდაქმნის პროცესს. ამის შედეგად ინფორმაცია სრულიად კარგავს თავის პირვანდელ შინაარსს და მისი უკუაღდგენა შესაძლებელია მხოლოდ დეშიფრაციის პროცესში სპეციალური ინფორმაციის (ე.წ. გასაღების) დახმარებით. შესაბამისად რაიმე გასაღებით დაშიფრული ინფორმაციის გაშიფრვა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ფლობს ამ კონკრეტულ გასაღებს.
შიფრაცია საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა უპირატესად სამხედრო და სამთავრობო სფეროებში, საიდუმლო და დაცული კომუნიკაციის მიზნებისათვის. თუმცა დღეის მდგომარეობით შიფრაცია ასევე ფართოდ გამოიყენება როგორც ბიზნესში, ასევე ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგ. ინფორმაციის დამალვისა და დაკარგვის შემთხვევაში დაცვის მიზნით ფართოდაა გავრცელებული ფლეშ-მეხსიერების, ლეპტოპების და სარეზერვო დისკების შიფრაცია, ელექტრონული ფოსტის შიფრაცია. შიფრაციის ერთ-ერთი მაგალითია ასევე ციფრული უფლებების მართვის სისტემები, რომლებიც საავტორო ინფორმაციას იცავენ არალეგალური წვდომისაგან, მაგ. ე.წ. რევერს-ინჟინერინგისგან.
შიფრაცია ასევე გამოიყენება მნიშვნელოვან მონაცემთა დასაცავად მისი გადაცემის დროს (ინტერნეტში, მობილურ ტელეფონებში, საბანკო ტერმინალებში და ა.შ), ვინაიდან მონაცემთა გაჟონვის რისკი ქსელთან ფიზიკური წვდომის შემთხვევაში მაღალია, ხოლო მთელი ქსელის პერიმეტრის დაცვა - ხშირად შეუძლებელი.
შიფრაცია იცავს მონაცემებთა კონფიდენციალურობას, ხოლო მათი მთლიანობისა და აუთენტურობის შემოწმებისათვის დამატებით გამოიყენება კრიპტოგრაფიული ალგორითმები, მაგ. შეტყობინების აუთენტურობის კოდი და ციფრული ხელმოწერა. შიფრაციის პროგრამული და აპარატული გადაწყვეტები ფართოდ და წარმატებით გამოიყენება, თუმცა სრული უსაფრთხოებისათვის აუცილებელია ზომების მიღება მთელი სისტემის მასშტაბით. ბოროტგანმზრახველს ინფორმაციის მოპოვება შეუძლია შიფროტექსტის გატეხვის გარეშეც, ქსელის ტრაფიკის ანალიზით, გადაცემული ინფორმაციის ატრიბუტების ანალიზით, ასევე ე.წ. ტროის ცხენით
ლიტერატურა
რედაქტირება- Richard J. Aldrich, GCHQ: The Uncensored Story of Britain's Most Secret Intelligence Agency, HarperCollins July 2010.
- Helen Fouché Gaines, "Cryptanalysis", 1939, Dover. ISBN 0-486-20097-3