შაქრო მოსულიშვილი
ზაქარია (შაქრო) დავითის ძე მოსულიშვილი (გ. 1923), მეტსახელად „გიჟო“ — ქართველი ყაჩაღი. ხელმძღვანელობდა კრიმინალურ დაჯგუფებას რუსეთის იმპერიის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი გასაბჭოების შემდგომ პერიოდებში.
იყო სიღნაღის მაზრის სოფელ არაშენდას მკვიდრი, ქურდ-რეციდივისტები იყვნენ მისი ძმებიც. 16-18 წლის იყო, როდესაც პირველად მიიღო მონაწილეობა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში. ის, თანამზრახველებთან ერთად, თავს დაესხა სიღნაღის მაზრის სოფელ ჩალაუბნის მოსახლეობას. ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს ერთი ოჯახი, სცემეს რამდენიმე კაცს და მძიმედ დაასახიჩრეს ქალი. ამ დანაშაულისთვის მას 15 წლით კატორღა მიესაჯა, თუმცა მალე მეფის რეჟიმი დაემხო და შაქრო მოსულიშვილი გაათავისუფლეს. 1917 წელს ის თავის სოფელში დაბრუნდა და დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება, გამოძალვა და ძარცვა-გლეჯა. მენშევიკურმა მთავრობამ გიჟო 1921 წლის დასაწყისში დააპატიმრა, თუმცა ტუსაღი ქვეყნის გასაბჭოებამდე ორი კვირით ადრე მეტეხის ციხიდან გამოიქცა. ქართულ წითელ ნაწილებთან ურთიერთობისა და თანადგომის შედეგად, გიჟო ჩაეწერა არაშენდას კომკავშირულ უჯრედში და თავი კომუნისტად გამოაცხადა, მაგრამ ძველი საქმიანობისთვის თავი მაინც არ მიუნებებია. მისი დაჯგუფება კვლავ განაგრძობდა მოსახლეობის ძარცვას, მკვლელობებს, შეტაკებებს მაზრის მილიციასთან. 1922 წლის ზაფხულში, სიღნაღის პოლიტბიურო იძულებული გახადა, გადამჭრელი ზომები მიეღო. 1923 წელს, ხელისუფლებისგან შევისწროებულმა შაქრო მოსულიშვილმა, შერიგება სცადა და შეწყალება და თავის სოფელში ცხოვრების უფლება მიიღო. გიჟოს მიერ გამართულ შემორიგების აღსანიშნავ ქეიფზე, ცეკვის დროს, მილიციელმა ლეონტი ჭიჭინაძემ ხმლით დახოცა გიჟო და მისი ძმისშვილი დათა მოსულიშვილი. მოგვიანებით, დააპატიმრეს და დასაჯეს მისი ბანდის სხვა შემორიგებული ყაჩაღებიც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი დაარქივებული 2020-02-19 საიტზე Wayback Machine. .