შარიაანთ კარის ღვთისმშობლის ეკლესია

შარიაანთ კარის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „შარიაანთ კარი“. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, წყობაში დაცულია სწორხაზოვნება.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ასიმეტრიული ფორმის აბსიდით. მის ცენტრში მდებარე სარკმელი ამოშენებულია. სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფლილია მხრებით.

ეკლესიის ცილინდრული კამარის მხოლოდ დასავლეთი ნაწილია შემორჩენილი. ჩრდილოეთი შესასვლელი შიგნით არქიტრავული, გარეთ თაღოვანია. კარი ნაოთხალია. დასავლეთი სარკმლები ერთ ღერძზეა განლაგებული.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები აქვს.

ნაგებობის დასავლეთი მინაშენის სამხრეთის კედელში მოთავსებულია სწორკუთხა ნიშები, გადახურვა კამაროვანი ჰქონდა, ჩანს მისი მცირე ნაწილი.

ჩრდილოეთი მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. კედლები შემორჩენილია 1-15 მეტრის სიმაღლეზე. მინაშენში შესასვლელი ჩრდილოეთის კედელშია გაჭრილი.

ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია მარტივპროფილიანი კარნიზის ფრაგმენტი.

კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები მრავალ ადგილას დანგრეულია. მიწის დონე აწეულია. ძეგლის გარშემო ჩამონაშალი ქვის გროვაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 50