შამბიეთის სასახლის ნანგრევი
შამბიეთის სასახლის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შამბიეთიდან აღმოსავლეთით 1 კმ-ზე. განვითარებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სასახლე და სხვა სამეურნეო ნაგებობანი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით; ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ფიქალი. წყობა მშრალია.
ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, აქ უნდა იყოს სალოცავი ხატი, მაგრამ მისი გარჩევა სხვა ნაგებობებს შორის შეუძლებელია. კომპლექსში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია სასახლის ნანგრევს, რომლის გაბარიტები გაცილებით აღემატება საერთო განაშენიანებაში არსებულ სხვა ნაგებობებს. სასახლიდან შემორჩენილია დარბაზი და სხვა სათავსები, საერთო გეგმაში კომპაქტურადაა ჩაწერილი საჯინიბო (ან ბოსელი).
დარბაზი გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელსაც დასავლეთით თაღოვანი შესასვლელი აქვს. დარბაზს დასავლეთიდან ებჯინება ორსათავსიანი ნაგებობა და საჯინიბო (ან ბოსელი). საჯინიბოს ჩრდილოეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.
სასახლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. იმის გამო, რომ ტერიტორიაზე მოდებულია მაღალი და მრავალრიცხოვანი მცენარეები, მისი დაწვრილებითი აღწერა არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 212-213