შაკუჰაჩი
შაკუჰაჩი (იაპონურად: 尺八) - იაპონური ფლეიტა, რომელსაც თითის ხუთი ხვრელი აქვს, ოთხი წინა მხარეს, ხოლო ერთი ცერისთვის, უკანა მხარეს.
შაკუჰაჩი | |
---|---|
ორიგინალურ ენაზე | 尺八 |
კულტურული წარმომავლობა | იაპონია |
აღწერა
რედაქტირება„შაკუჰაჩი“ ნიშნავს „1 ფუტი 8 ინჩი“, რაც დაახლოებით 54,5 სმ-ს უდრის და შეესაბამება შაკუჰაჩის სტანდარტულ სიგრძეს რო-ში. ეს სიტყვა ერთი და იმავე ტიპის ყველა ფლეიტისთვის გამოიყენება, მიუხედავად მათი სიგრძისა. მაგალითად ჩინეთიდან მსგავს ფლეიტის, დონგქსიაოს კიდევ ერთი სახელია ჩიბა (尺八), რაც ასევე ნიშნავს „1 ფუტი და 8 ინჩი“.
შაკუჰაჩიზე ხუთივე თითის თანმიმდევრულად გახსნით მიიღება პენტატონური ტონის სკალა D-F-G-A-C-D. მას არ აქვს ნახევარმელოდიები, იმის მიუხედავად, რომ იაპონურ მუსიკაში ნახევარტონები ძალიან გავრცელებულია. ქრომატული სკალა სრულად, თითების და ჩაბერვის კუთხის მონაცვლეობით შეგვიძლია მივიღოთ. ამ ყველაფრიდან გამომდირე მას არ აქვს ბგერის ერთიანი ხარისხი ყველა ნოტზე, რაც დასავლურ მუსიკაში უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ იაპონელი მუსიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ ტემბრების ეს სიმრავლე განაპირობებს მათი მუსიკის სიმდიდრეს. შაკუჰაჩზე დამკვრელი შეგნებულად ეძებს ბგერებს, რომლებიც დასავლეთში არამუსიკალურ ხმებად ჩაითვლება. ეს თვისებები სხვა იაპონურ ინსტრუმენტებსაც ახასიათებს.
შაკუჰაჩის ინტერიერი წითლად არის ლაქირებული. ის ტრადიციულად მადაკე ბამბუკისაგან მზადდება. ბამბუკის კვანძები, ბუნებრივი დარღვევები და ლაქები, თავად ინსტრუმენტის ნაწილი ხდება. ასევე არსებობს ხის და სინთეტიკური შაკუჰაჩიც, თუმცა ისინი ძირითადად დამწყებთათვის არის განკუთვნილი.[1] მისი ადრეული ნიმუშები დამზადებულია ნეფრიტისგან, ქვისგან და სპილოს ძვლისგან, რომლებიც შოსოინის საცავში ნარაში, იაპონიაში ინახება.[2]
შაკუჰაჩის სიმარტივის მიუხედავად, მას შეუძლია მდიდარი და მრავალფეროვანი ბგერების წარმოქმნა.
შაკუჰაჩის კავშირი ვაბი-საბისთან
რედაქტირებაზემოთხსენებულ აღწერას, რომლითაც შაკუჰაჩი ხასიათდება და რომლებშიც მისი „არასრულყოფილება“ გამოსჭვივის, იაპონურ კონცეფციასთან ვაბი-საბისთან, ანუ არასრულყოფილების სილამაზესთან მივყავართ.[3] შაკუჰაჩს ვიზუალურად ბამბუკის ლაქები და დარღვევები ამჩნევია, მას არ აქვს ბგერის ერთიანი ხარისხი ყველა ნოტზე და მისი ნოტები დასავლეთში არამუსიკალურად მიიჩნევა, მაგრამ ვაბი-საბი გვეუბნება, რომ სწორედ ამაშია სილამაზე და მრავალფეროვნება, მთავარი მნიშვნელობა იმას უნდა მივანიჭოთ, რა განცდებს იწვევს ეს საკრავი ჩვენში, რა მნიშვნელობას ატარებს, არა იმას რა ხარვეზებითაა სავსე და აყოლილია თუ არა ის ტენდენციებს და მოდას. ეს ყველაფერი არის სიმბოლო ცხოვრების ხარვეზების და არასრულყოფილების მიმღებლობის.
ისტორია
რედაქტირებაის შორეულ აღმოსავლეთში დაკავშირებულია ფლეიტებთან, როგორიც არის ჩინური შაო და დონგშიაო, კორეული დანსო და თანგსო. მას აქვს უნიკალური ისტორიული ფონი, რომელშიც ჯერ კიდევ მრავალი გადაუჭრელი საიდუმლოა, მათ შორისაა მისი წარმოშობაც.
შაკუჰაჩი იაპონიაში პირველად ჩინეთიდან, VIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს.[2] გარკვეული პერიოდის შემდეგ მოძველდა, მაგრამ გავიდა რამდენიმე საუკუნე და ის კვლავ გამოჩნდა იაპონურ წყაროებში.[1]
შაკუჰაჩიმ ფორმა მომაიამას პერიოდში (1534-1615) მიიღო, თუმცა საბოლოო ფორმა ედოს პერიოდში (1615-1868) შეიმუშავა, როდესაც მას მოხეტიალე ბერები იყენებდნენ. ბერებმა საკრავ ჰიტოიოგირის ფორმა შეუცვალეს, უფრო სქელი და გრძელი, ზართან კი ოდნავ მოხრილი გახადეს. მათთვის შაკუჰაჩი მედიტაციის თანმხლები იყო. [1] ის დღესდღეობით თან ახლავს პოეზიას, უკრავს ანსაბლში კოტოსთან და შამისენთან ერთად, ასევე ჟღერს ვირტუოზულ სოლოებშიც. [4]
შაკუჰაჩის შემსრულებლები ახლაც აგრძელებენ ახალი ნაწარმოებების წერას. თანამედროვე კომპოზიტორებმა, როგორებიც არიან ტორუ ტაკემიცუ, აკირა ტამბა და ბელგიელი კლოდ ლედუ, დაწერეს ნაწარმოებები შაკუჰაჩისა და სხვა იაპონური ინსტრუმენტებისთვის.[1] თანამედროვე შოკუჰაჩის შემსრულებლების უმეტესობა თავს თავისუფლად მიიჩნევს და არ შემოიფარგლება, არ იზღუდება კონკრეტული რეპერტუარებით. შაჰუკაჩი დღესდღეობით არა მხოლოდ იაპონურ მუსიკაში, არამედ მუსიკის სხვადასხვა ჟანრში გამოიყენება, როგორიცაა ჯაზი, პოპი და როკი.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Shakuhachi. Musical Instruments Museum. დაარქივებული 2021-11-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 2.0 2.1 Shakuhachi, Japan, ca. 1950. National Music Museum. დაარქივებული 2022-01-26 საიტზე Wayback Machine.
- ↑ What is Wabi Sabi? The Elusive Beauty of Imperfection. Japan Objects
- ↑ Shakuhachi. The Metropolitan Museum of Art.
- ↑ The Re-contextualisation of the Shakuhachi (Syakuhati) and its Music from Traditional/Classical into Modern/Popular by Toru Seyama