შავკაპიტო, შავი კაპიტო, შავკაპიტა, ლურჯფოთოლაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, „კაპიტო“, „შავკაპიტო“, „შავი კაპისტონი“ და „კაპიტა“ ერთი ჯიშის სახესხვაობას წარმოადგენენ. მართლაც, დაკვირვებამ ცხადყო, რომ ეს ჯიშები როგორც ამპელოგრაფიული, ისე სამეურნეო მაჩვენებლებით ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან.

შავკაპიტოს გავრცელების არეალი ქართლის ზოგიერთი რაიონით განისაზღვრება. მცირე ნარგავებადაა: კასპის, გორის, ქარელის, ცხინვალის და ახალგორის შემოგარენში. ერთეული ძირებია: ხაშურის, მცხეთის, მარნეულის, გარე კახეთის, ახალციხისა და ასპინძის ვენახებში. თბილისის სამხრეთით მდებარე რაიონებში გერმანელ კოლონისტებს ქართლიდან სხვა ვაზის ჯიშებთან ერთად შავკაპიტოც შეუტანიათ და მისთვის გერმანული სახელი (ლურჯრქიანი) შეურქმევიათ.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი. ხშირად ფრთის სიგრძე მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსის ან კუმსია. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის. ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი თხელი და ნაკლებმკვრივი აქვს. რბილობი წვნიანი და ტკბილია, წვენი — შეუფერავი.

შავკაპიტო საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 147-156 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 160-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-8.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-8.0 გ/ლ-ს.

შავკაპიტოსგან მიიღება კარგი ხარისხის სუფრის წითელი მშრალი ღვინო, რომელიც ლამაზი შეფერილობისაა, სასიამოვნო ჯიშური არომატით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ნორმალური შემცველობით, ყველა იმ თვისებით, რაც დამახასიათებელია სუფრისა და ცქრიალა ღვინოებისთვის. ქვევრის ღვინო მცენარეული და კენკრის ტონებით ხასიათდება. ყურძენს სხვა ჯიშებთან ერთადაც აკუპაჟებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 416