ყვითელი ეკლესია
„ყვითელი“ ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში. თარიღდება მე-19-20 საუკუნეებით.
„ყვითელი“ ეკლესია, როგორც მას ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს, ოქროსფერი თლილი კვადრების სწორხაზოვანი წყობით დუღაბზეა აგებული. ნაგებობა ასეთივე ქვის ცოკოლზე დგას. მთელ პერიმეტრზე კედლებს თარო-ლავგარდანი გაუყვება. ფასადთა დიდი სიბრტყეები ძუნწად არის აქცენტირებული დაბალი ლუნეტებით და სარკმლების თავსართებით. იგი გეგმით სწორკუთხაა, რომელსაც გააჩნია ბაზილიკური სივრცე. აღმოსავლეთიდან ფართო ნახევარწრიული აბსიდითაა დასრულებული. მასში თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია დატანებული_ ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით. ტრაპეზის ქვა დგას საკურთხეველში. აწეულია საკურთხევლის იატაკის დონე და გაკეთებულია სოლეა. აბსიდში ორი, ოთხკუთხა, თავისუფლად მდგარი სვეტია აღმართული. ნახევარწრიული კონქის ზევით სამი მალით გახსნილი კედელია ამოყვანილი, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ტრიუმფალურ თაღს. თაღები სვეტებს შორის და აბსიდის მხრებზეა გადაყვანილი. ამათგან უფრო განიერია შუა თაღი. შიდა სივრცე ორი მრგვალი სვეტით დანაწევრებულია სამ ნაწილად. შუა ნავი ფართოა, დაბალი ოთხივე მხრივ შემაგრებულია საბრჯენი თაღებით და ნახევარსფერული გადახურვა გააჩნია. გვერდითი ნავები გადახურულია ცილინდრული კამარის მეოთხედი ფორმით და შედარებით ვიწროა. გრძივ კედლებზე პილასტრებია აყოლებული ორივე კარის გვერდით.
ეკლესია განათებულია გრძივ კედლებში მოთავსებული აღმოსავლეთით და დასავლეთით სარკმლებით. კარები დატანებულია სამივე კედელში. ლუნეტებში ლურჯი საღებავია შემორჩენილი. ინტერიერში კედლები დაფარული იყო ნალესობით, ზოგან შემორჩა მოხატულობის კვალიც, დომინირებს უმეტესად ლურჯი ფერი. იქ, სადაც ნალესობა ჩამოცვენილია კედლებისთვის გამოყენებული სამშენებლო მასალა ჩანს _ თლილი ქვა. ეკლესიას სოფლის მოსახლეობა უტარებს რემონტს, ინტერიერში ხარაჩოებია აღმართული. ფასადებზე აქა-იქ ჩამოვარდნილი საპირე ქვების ადგილები შეუვსიათ თანამედროვე თეთრი აგურით. სამხრეთ კარის საფეხურად კი გამოყენებულია საფლავის ქვის ვეება ლოდი. ორქანობიან სახურავში მოქცეული შენობა თუნუქითაა გადახურული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9517