ღმერთი (ქართული მითოლოგია)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ღმერთი — ქართულ მითოლოგიაში ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის (მორიგე-ღმერთი), აგრეთვე ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელი. ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის - მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები — ღვთისშვილნი. ღმერთი მეცხრე (მეშვიდე) ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთისშვილების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის „ნაწილებში“, რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს თავისი ერთგული ძაღლები (ან მგლები), რომლებსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ბიბლიურ მამა-ღმერთთან გაიგივდა.