შალვა ღლონტი

(გადამისამართდა გვერდიდან ღლონტი, შალვა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღლონტი.

შალვა იოსების ძე ღლონტი (დ. 15 ოქტომბერი, 1912, ლანჩხუთი — გ. 2 ნოემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო და ადრევე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონის სკოლაში, მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, შემდეგ მოღვაწეობდა სიღნაღის რაიონულ გაზეთში. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა და 1947 წლიდან ლექციებს კითხულობს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1962 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკია, ამავე დროს „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის წევრია.

შალვა ღლონტი, როგორც კვალიფიციური რუსთველოლოგი, 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს „ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკის საკითხებზე. ფართოდაა ცნობილი მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები: „ვეფხისტყაოსნის მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა“, „ქართველი მწერლების მხატვრული ოსტატობის თავისებურებანი“, „ვეფხისტყაოსნის“ ფრაზეოლოგიური ლექსიკონი და სხვა. ამის გარდა შალვა ღლონტი იყო მიმდინარე ლიტერატურული პროცესების აქტიური მონაწილე — მისი საინტერესო კრიტიკული წერილები და რეცენზიები მკითხველის ცხოველ ინტერესს იწვევდა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 351, თბ., 1994