ღირსი ალექსანდრე სვირელი

ღირსი ალექსანდრე სვირელი (ერობაში - ამოსი; დ. 15 ივნისი, 1448, სოფელი მანდერი — გ. 30 აგვისტო, 1533) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის 30 აგვისტო, ძველი სტილით — 12 სექტემბერი.

წმინდანი 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: „გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას“.

ამოსი მორჩილი და თავმდაბალი ბავშვი იყო, გაურბოდა სიცილსა და ბილწსიტყვაობას, უყვარდა ლოცვა და მკაცრად მარხულობდა. წმიდანმა იცოდა, რომ მშობლები მას დაქორწინებას უპირებდნენ, ამიტომ ცხრამეტი წლისა ფარულად წავიდა სახლიდან და ვალაამის სავანეს მიაშურა.

1474 წელს ამოსი ბერად აღიკვეცა ალექსანდრეს სახელით. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლებმა შეიტყვეს მათი შვილის ადგილსამყოფელი. მალე თავადაც მიჰბაძეს მას და მონასტერში დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება.

ხმა მოსაგრის ასკეტური ცხოვრების შესახებ შორს გავარდა, ამიტომ 1485 წელს მან დატოვა ვალაამი, ზეგარდმო მინიშნებით ტყეში დამკვიდრდა და შვიდი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდა.

1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა. ერთხელ, ღამით, როდესაც იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმიდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერთხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: „სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!“ ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმიდა სამების სახელზე.

იმავე წელს აშენდა ხის ეკლესია ცხოველმყოფელი სამების სახელზე (1526 წელს მის ნაცვლად ქვითკირის ტაძარი ააგეს). მშენებლობის დამთავრებისთანავე საძმომ ნეტარს დაუწყო ვედრება, მიეღო სამღვდელო ხარისხი. ის დიდხანს უარობდა - თავს უღირსად თვლიდა. მაშინ ბერებმა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს სერაპიონს (გ. 1516) სთხოვეს, დაეყოლიებინა უფლის რჩეული. იმავე წელს ღირსი მამა ნოვგოროდში გაემგზავრა და მღვდელმთავრის მიერ ხუცესად ეკურთხა. მალე ძმებმა წმიდა ალექსანდრე იღუმენობაზეც დაითანხმეს.

იტვირთა რა წინამძღვრობის მძიმე ჯვარი, ნეტარი მამა უწინდელზე მეტად თავმდაბალი გახდა. ერთხელ სავანეში შეშა შემოილია. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, უქმად მყოფი ბერები გაეგზავნა საწვავის დასამზადებლად. „მე ვარ უქმად“, - თქვა წმიდანმა და შეშის საჩეხად წავიდა; ნეტარი ხშირად სხვების ნაცვლად ფქვავდა ხორბალს ხელის დოლაბებით; ღამით შემოივლიდა ხოლმე სენაკებს, თუ ამაო საუბრებს გაიგონებდა, ფრთხილად დააკაკუნებდა და ჩაივლიდა.

სიცოცხლის მიმწუხრზე ღირსმა ალექსანდრემ გადაწყვიტა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი აეგო. როდესაც საფუძველი ჩაყარეს, წმიდა მოსაგრეს თავად უბიწო ქალწული ეჩვენა, ტახტზე მჯდომარე, ყრმით ხელში, ანგელოზების თანხლებით და უთხრა: „საყვარელო ჩემო, ვინც ერთ აგურს მაინც მოიტანს ჩემი ტაძრის ასაშენებლად, ჩემი ძისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით, არ წარუწყმდება სასყიდელი თვისი“; თან სავანის მფარველობა აღუთქვა.

ნეტარმა ალექსანდრე სვირელმა ოთხმოცდახუთი წელი იცხოვრა და 1533 წლის 30 აგვისტოს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001