ღვთისმშობლის ღვთისმშობლის ეკლესია
ღვთისმშობლის ღვთისმშობლის ეკლესია —არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვთისმშობელში მდებარეობს. სოფელი ღვთისმშობელი მთის ფერდობზე შეფენილი პატარა სოფელია და მდინარე გუჯარულას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი ხევით შუაზე არის გაყოფილი. სოფლის განაპირას, დაბლობ ადგილზე დგას მოზრდილი ეკლესია, რომელიც ასევე ღვთისმშობლის სახელობისაა. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაო ყოფილა, ხოლო მის სამხრეთით ნასოფლარია. ადგილობრივთა გადმოცემით, შემთხვევითი გათხრების დროს ყავრისხევზე, თიხის მილები უპოვნიათ, საიდანაც ნასოფლარში წყალი ჩადიოდა. სერგი მაკალათია აღნიშნულ თიხის მილებს XII საუკუნით ათარიღებს. ვახუშტი ბატონიშვილს თავის შედგენილ რუკაზე ედოთის შემდეგ დასმული აქვს სოფელი კოწათუბანი. აქედან გამომდინარე, დევი ბერძენიშვილი ამბობდა რომ სწორედ კოწათუბანი უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლის ძველი სახელწოდება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, რომელსაც აქვს სამხრეთის მინაშენი. ხუროთმოძღვრული ძეგლი ძალიან დაზიანებულია. ჩამოქცეულია კამარა და კონქი. დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები 2-3 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მინაშენის კედლები კი 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ტაძარს შესასვლელი ორი მხრიდან სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთი შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია. მისგან აღმოსავლეთით, კედლის წყობაში, მოზრდილი სწორკუთხა ქვაა, რომელშიც ასეთივე მოხაზულობის ჩაღრმავებაა. ეკლესიას შემორჩენილი აქვს ორი სარკმელი: ერთი საკურთხეველშია გაჭრილი, ხოლო მეორე _ სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. გარედან შესასვლელში არქიტრავის ქვაზე ამოკვეთილია წრეში ჩახატული ტოლმკლავიანი ჯვარი. ძეგლის კედლებზე ალაგ-ალაგ შემორჩენილია ბათქაში, ზოგან კი საღებავის სუსტი კვალიც, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეკლესია თავის დროზე მოხატული იყო. ტაძარს არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე X საუკუნით ათარიღებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., მ. გიორგიძე, ც. ჩაჩხუნაშვილი და ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ. 1987
- მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ. 1957
- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 91-92