ღებინება — რთული რეფლექსური აქტი, რომლის დროსაც, ძლიერი იმპულსით, კუჭის შიგთავსი საყლაპავიდან ზევით - პირის ღრუში ან/და ცხვირის ღრუში ამოიტყორცნება. [1][2] რაც კუჭის ქვედა ნაწილებში გაძლიერებული პერისტალტიკის, ზედა ნაწილებისა და საყლაპავის მოდუნების, დიაფრაგმისა და მუცლის კედლის კუნთების ერთდროული შეკუმშვის შედეგია.

ღებინება
ჯორჯო ბონოლას ნახატი მარკო სპანიოლოს სასწაული
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 R11.
ICD-9 787
MeSH D014839

ღებინება შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით. მათ შორის სპეციფიკური პასუხი გასტრიტზე და მოწამვლაზე, ასევე არასპეციფიკური პასუხი თავის ტვინის სიმსივნესა და მომატებულ ინტრაკრანიალური წნევაზე. ღებინებას წინ უსწრებს გულისრევის განცდა. გულისრევამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თუმცა ყოველთვის არა. ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების (ანტიემეტიკები) გამოყენება ზოგჯერ აუცილებელია გულისრევისა და ღებინების აღსაკვეთად. მძიმე შემთხვევებში, როცა დეჰიდრატაცია (სითხის კარგვა) ვითარდება, საჭიროა სითხის ინტრავენური ინფუზია. უნდა მოხდეს ღებინებას განსხვავება რეგურგიტაციისგან, რადგან ეს ორი ტერმინი ხშირად გამოიყენება როგორც სინონიმები. რეგურგიტაცია არის კუჭის მოუნელებელი შემცველობის უკუდინება საყლაპავი მილისკენ და ზევით. ღებინების და რეგურგიტაციის მიზეზები სხვადასხვაა.[3][4][5]

ღებინების რეგულაცია რედაქტირება

ღებინება რთული მექანიზმით რეგულირდება. ამას მოგრძო ტვინში მდებარე ღებინების ცენტრი ახორციელებს. სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებით მუცლის ღრუში, თირკმლებში, ღრუ ორგანოებში არსებული ცენტრისკენული ნეირონების საშუალებით ღებინების ცენტრს მიეწოდება ინფორმაცია, რის შედეგადაც იგი ცენტრიდან გზავნის იმპულსებს გამღიზიანებელი ფაქტორის დროულად მოცილების თაობაზე. შედეგად დიაფრაგმისა და მუცლის კუნთები ძლიერ იკუმშებიან, დუნდება კუჭის შესასვლელის კუნთოვანი შრე, ვითარდება ანტიპერისტალტიკა და კუჭის შიგთავსი პირის ღრუში ამოიტყორცნება. ასე რომ, ღებინება უმეტესად დამცავ რეფლექსურ რეაქციას წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა, ორგანიზმიდან დროულად გამოიდევნოს საფრთხის შემცველი გამღიზიანებელი ფაქტორი.[6]

ღებინების ფორმები რედაქტირება

გამომწვევი მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ცენტრალური, ტოქსიკური და ვისცერული წარმოშობის ღებინებას. ცენტრალური წარმოშობის ღებინება ვითარდება წინმსწრები გულისრევის შეგრძნების გარეშე და არ უკავშირდება საკვების მიღებას. მას თან ახლავს არა მუცლის, არამედ თავის ტკივილი. იგი საკმაოდ ძლიერია და ადამიანს შვებას არ ჰგვრის. ამ ტიპის ღებინება რეფლექსური ბუნებისაა და შესაძლოა განვითარდეს უსიამოვნო შთაბეჭდილების, სუნის შეგრძნების გამო. ცენტრალური ტიპის ღებინება ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომიც არის, მაგალითად: ქალასშიდა წნევის მატება, შაკიკი, თავის ტვინის სიმსივნე, ჰიპერტონიული კრიზი, მენინგიტი და სხვ.[6]

ვისცერული ღებინება რედაქტირება

ვისცერული ღებინება უკავშირდება ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ორგანულ ან ფუნქციურ დარღვევებს. ამ შემთხვევაში ღებინების შემდეგ ადამიანი შვებას გრძნობს. ზოგჯერ ღებინებას ხელოვნურადაც იწვევენ, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილის შემცირების მიზნით. სხვა სიმპტომებთან ერთად ვისცერული ღებინებით ვლინდება კუჭ-ნაწლავის სიტემის ზოგიერთი დაავადება, მაგალითად: გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭისა და საყლაპავის კიბო; მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, მწვავე პერიტონიტი, აპენდიციტი, თირკმლის ჭვალი, ნაწლავური გაუვალობა, პარაზიტული დაავადებები.[6]

ღებინების გამომწვევი ფაქტორები რედაქტირება

 
ღებინება - XIV საუკუნის ნახატი Tacuinum Sanitatis-დან

გარდა საყოველთაო მიზეზებისა, ღებინება შესაძლოა გამოიწვიოს ინდივიდუალურმა ფაქტორებმაც, მათ შორის - ძირითადმა და თანმხლებმა პათოლოგიებმა, განსაზღვრული ტიპის ქირურგიულმა ოპერაციამ, დიაგნოსტიკურმა მანიპულაციამ, მედიკამენტურმა საშუალებამ, ნერვული სისტემის მდგომარეობამ და სხვა.[6][7][8]

ვესტიბულური აპარატის მდგომარეობა რედაქტირება

ზღვისა და მთის ავადმყოფობის დროს ღებინების შეგრძნება უფრო მეტად დამახასიათებელია მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორთა მგრძნობელობის ზღურბლი.

ნერვული სისტემის ტიპი რედაქტირება

ღებინებისა და გულისრევის შეგრძნებაზე გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ტიპი და მისი ვეგეტაციური რეაქციების გამოხატვის ხარისხი. კერძოდ, ცნობილია, რომ ადვილად აღგზნებადი, ლაბილური და მშფოთვარე ადამიანები გაცილებით ხშირად უჩივიან ღებინებასა და გულისრევას, რადგან სისხლში მაღალი აქვთ კატექოლამინებისა და სეროტონინის დონე. ეს იწვევს აეროფაგიას, რაც წელავს კუჭის კედლებს და მის რეცეპტორულ აპარატს აღიზიანებს.

ქირურგიული ოპერაციები რედაქტირება

ყველაზე ხშირად ღებინება აღინიშნება ენდოსკოპიური (54%) და ლაპაროსკოპიული (35%) ოპერაციების შემდეგ. 5%-ს ყურსა და თვალზე განხორციელებული მანიპულაციები შეადგენს. ღებინების ხარისხი უშუალოდ არის დამოკიდებული ოპერაციული ჩარევის მიმდინარეობასა და ხანგრძლივობაზე. სანარკოზე საშუალებათა უმეტესობას პოტენციურად ახასიათებს ღებინების ეფექტი, ხოლო ანესთეზიის გახანგრძლივებისას მათი მოქმედების ძალაც იზრდება.[6][2]

მკურნალობა რედაქტირება

გულისრევა და ღებინება უმეტესად არ არის საშიში ორგანიზმისთვის, თუმცა ხანგრძლივი ღებინება, რომელსაც დიარეაც ერთვის, სერიოზული საფრთხის შემცველია, რადგან იწვევს გაუწყლოებას და მწყობრიდან გამოჰყავს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოთა და სისტემათა ფუნქციები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თავის ტვინი, თირკმელები და სხვა. გულისრევა და ღებინება ყველაზე ხშირად აწუხებთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ორსულებს, ონკოლოგიურ პაციენტებს ანტისიმსივნური თერაპიის პერიოდში, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ფსიქოემოციური წრის სხვადასხვა ტიპის დაღვევის მქონე პირებს.

ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეტიკები) მედიკამენტები ეფექტურია გულისრევისა და ღებინების დროს. ანტიემეტიკები იყენებენ ზღვის ავადმყოფობის სამკურნალოდ. ასევე ოპიოიდებისა და ქიმიოთერაპიისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ

ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები ბლოკავენ ღებინებასთან დაკავშირებულ რეცეპტორებს. აქედან გამომდინარე, ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური, დოფამინის ანტაგონისტები, სეროტონინის ანტაგონისტები და კანაბინოიდების გამოიყენება ეფექტურია, როგორც ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები. [9]

სქოლიო რედაქტირება

  1. Tintinalli, Judith E. (2010). Emergency Medicine: A Comprehensive Study Guide (Emergency Medicine (Tintinalli)). New York: McGraw-Hill Companies, გვ. 830. ISBN 0-07-148480-9. 
  2. 2.0 2.1 ღებინება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-10-12.
  3. Holland, James F.; Kufe, Donald W.; Weichselbaum, Ralph R.; Pollock, Raphael E.; Frei III, Emil; Gansler, Ted S.; Bast Jr., Robert C. (2003) Cancer medicine, 6. [ed.]., Hamilton, Ontario [u.a.]: Decker. ISBN 9781550092134. 
  4. Matsuoka, I; Ito, J; Takahashi, H; Sasa, M; Takaori, S (1984). „Experimental vestibular pharmacology: a minireview with special reference to neuroactive substances and antivertigo drugs“. Acta oto-laryngologica. Supplementum. 419: 62–70. PMID 6399658.
  5. Li–gui, Huang; En–tong, Wang; Wei, Chen; Wei–xi, Gong (June 2011). „Role of Histamine H1 Receptors in Vestibular Nucleus in Motion Sickness“. Journal of Otology. 6 (1): 20–25. doi:10.1016/S1672-2930(11)50003-0.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 გულისრევა და ღებინება
  7. Andritzky, W. (1989). „Sociopsychotherapeutic functions of ayahuasca healing in Amazonia“. Journal of Psychoactive Drugs. 21 (1): 77–89. doi:10.1080/02791072.1989.10472145. PMID 2656954.
  8. 9 Best Vomit Scenes On Film, screenjunkies.com
  9. Mitchelson, F (March 1992). „Pharmacological agents affecting emesis. A review (Part I)“. Drugs. 43 (3): 295–315. PMID 1374316.