ღალიძგის სასახლის კარის ეკლესიის ღირსი ონოფრე დიდის ხატი
ღალიძგის სასახლის კარის ეკლესიის წმინდა ონოფრე დიდის ხატი — ღირსი ონოფრე დიდის ვერცხლის ჭედური ხატი ღალიძგის სასახლის კარის ეკლესიიდან. ხატი შესრულდა ლევან II დადიანის დაკვეთით. ხატის ამჟამინდელი ადგიმდებარეობა უცნობია.
ისტორია
რედაქტირებაბოლო დრომდე ხატი ინახებოდა აფხაზეთში, ილორის ეკლესიაში. 1888 წლის პავლინოვის ექსპედიციის დროს მოხდა აფხაზეთის ძეგლებისა და საგანძურის ფოტოფიქსაცია. ფოტოგრაფ ი. ბარშჩევსკის მიერ გადაღებულ იქნა აღნიშნული ხატი და შემდგომ შეტანილ მისივე 1912 წლის კატალოგშიც (ხატის პირი №1639, ხატის ზურგი №1640)[1]. აღნიშნული ფოტოები მოხვდა 1893 წელს გამოცემული „Материалы по археологии Кавказа“, მე-3 გამოცემაში[2].
ხატის აღწერა
რედაქტირებაღირსი ონოფრე დიდის ხატი ვერცხლისგან იყო დამზადებული. ცენტრალურ არეს ერთმანეთისგან ტოლი შუალედებით დაშორებული, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი თვლების მწკრივი შემოუყვება. თვლები შემოუყვება წმინდანის შარავანდსაც. ხატის არშია ფოთლოვანი მოტივითაა გაფორმებული. ამგვარადვე, ოღონდ განსხვავებული ფოთლოვანი მოტივითაა გაფორმებული შიდა არის ფონიც. ხატის ცენტრალური არე მთლიანად წმინდანის ფიგურას უჭირავს. მას განმარტებითი წარწერა არ ახლავს, თუმცა წმინდანის იკონოგრაფიის გათვალისწინებით ცხადია, რომ ხატზე გამოსახულია ღირსი ონოფრე დიდი. წმინდანი გამოსახულია ფრონტალურად, მთელი ტანით, გრძელი, მუხლებამდე დაშვებული წვერით. მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, მარჯვენა ხელი კი მკერდის დონეზე აქვს აწეული, ხელისგულით წინ. ხატის ზურგზე შესრულებული 32 სტრიქონიანი მხედრული წარწერა უთარიღოა. ხატი ხელოვნებათმცოდნე ლეილა ხუსკივაძემ ფოტოთი მოღწეული ხატი შეისწავლა და მისი მხატვრული თავისებურებების გათვალისწინებით 1640-1641 წლებით დაათარიღა[3].
ხატის ზურგზე შესრულებულიქართული ტექსტი მარი ბროსემ 1851 წელს გამოაქვეყნა[4]. წარწერის შესრულების თარიღი ნესტან-დარეჯანის გარდაცვალების წელს (1639 წლის 1 ივლისი) მიაბა და 1639 წლით განსაზღვრა. წარწერა შესრულებულია ვერცხლის ფირფიტაზე, რომელიც ხატის ზურგს მოსავდა. ხატის ზომები უცნობია, ხატის ზურგის პროპორციებია 1:1.6. ტექსტი შესრულებულია XVII საუკუნისათვის სახასიათო მხედრული დამწერლობით. სტრიქონების რაოდენობა — 32.
ლიტერატურა
რედაქტირება- მირიანაშვილი ლ., „ლევან II დადიანის საფასით მოჭედილ ხატებზე შესრულებული ტექსტები, როგორც შეწირულობის გაღების გზით აღაპის გაჩენის უზრუნველმყოფელი იურიდიული დოკუმენტები“//Georgian Source Studies, XXV, 2023, გვ. 109-112
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Каталог фотографических снимков И. Барщевскаго, 1912
- ↑ Материалы по археологии Кавказа, собранные экспедициями Московского археологического общества / под ред. и с предисл. гр. Уваровой : Вып. 3 ; Моск. археолог. о-во. - М. : тип. А. И. Мамонтова и К°, 1888-1916
- ↑ ხუსკივაძე ლ., „ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო“ (ნარკვევი XVII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიიდან), გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1974, გვ. 45
- ↑ Marie-Félicité Brosset - Rapports sur un voyage archéologique dans la Géorgie et dans l'Arménie en 1847-1848. - SPb - 1851.