ქოლოსის წმინდა გიორგის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქოლოსის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარისთვალში.

ეკლესია დგას ხელოვნურად შექმნილ მოედანზე, მრავალწლოვანი ხეებით შემოფარგლულ მთის ფერდზე, ზღვის დონიდან 1807 მეტრზე. ქოლოსის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ ხარისთვალის აღმოსავლეთით 1.6 კილომეტრის მანძილზე. იგი ნაგებია დიდი ზომის ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით. ტაძარი დარბაზული ტიპისაა და მისი გადახურვა ორფერდაა, გადახურულია მეტალოპლასტმასის კრამიტით. ცენტრალურ ნავს მცირე ზომის ეკვდერი აქვს მიშენებული ჩრდილოეთ კედელზე. სამხრეთიდან შემორჩენილია მეორე მინაშენის ფრაგმენტი. ეკლესიაში შესასვლელი აკრი გაჭრილია სამხრეთ კედელში. შიდა სივრცე ნათდება სამი მცირე ზომის სარკმლით, რომლებიც დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედელშია დატანილი. ეკლესიის კამარა თაღოვანია. დანარჩენ სივრცერსთან შედარებით საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია. საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში მცირე ზომის ნიშია. კონქი ეყრდნობა აფსიდის კედელს და ერთმანეთის პარალელურ ორ პილასტრს. ასეთივე ორი ცალი პილასტრია დასავლეთ კედლის კუთხეშიც, რასაც მთლიანობაში ეკლესიის კამარა ეყრდნობა. ეკლესია მოხატულობის გარეშეა. ერთი პატარა ვიწრო სარკმელი აქვს დატანილი აღმოსავლეთ კედელში ჩრდილოეთის მინაშენსაც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16421