ქიშური მსხვილმარცვალა

ქიშური მსხვილმარცვალა, ქიშური მსხვილთვალაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ქართლიდან.

სახელი ქიშურთან მიმსგავსების გამო პროფესორმა დიმიტრი ტაბიძემ დაარქვა. მიუხედავად ამისა, ისინი მარცვლის ზომებით განსხვავდებიან, მსხვილთვალას მარცვლები შესამჩნევად დიდი ზომისაა, ვიდრე ქიშურის.

საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში წარმოშობილ ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამპელოგრაფიული ნიშნებით და სამეურნეო თვისებებით იგი ძალიან ახლოს დგას საადრეო ქიშურთან და სუფრის გორულასთან. მისი ახალგაზრდა ყლორტი და ფოთოლი ქიშურისას უფრო ჰგავს, ხოლო მტევნისა და მარცვლის ფორმა, ზომა და გემური თვისებები გარდამავალია ქიშურიდან გორულასკენ. წიპწა ძალიან ჰგავს სუფრის გორულას წიპწას.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, მეტწილად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა დაფარული მოკლე ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. კუმსი და თხელი მტევნებიც გვხვდება. მარცვალი მსხვილია, ოვალური, იშვიათად მომ-რგვალო და მოგრძო. ჩალისფერია. მზის მხარეს თამბაქოსფერი ლაქებით იფარება. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვადაა დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, ოდნავ კნატუნა. გემოთი სასიამოვნოა, მაგრამ მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით.

სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. მტევნის წონა 140 გრამია. ახასიათებს გადაჭარბებული ყვავილცვენა, რის გამოც მტევანი საგრძნობლად თხელდება. ვანს მომწკლარტო გემო აქვს, რაც ყურძნის ხარისხს ამცირებს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6.5 გ/ლ-ს.

საშუალო ღირსების სასუფრე ყურძნის მომცემი ჯიშია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 387