ხერხემის ციხე

(გადამისამართდა გვერდიდან ქიქინეთის ციხე)

ხერხემის ციხე, ქიქინეთის ციხე[1] — ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა აბასთუმნიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 5 კმ-ში. განეკუთვნება განვითარებულ ფეოდალურ ხანას.

ხერხემის ციხის და სოფლის მფლობელი უნდა ყოფილიყო აზნაური ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება „ქართლის ცხოვრებაში“: დაახლოებით 1306 წელს თურქები ტაოს შემოესივნენ. ჟამთააღმწერლის სიტყვით

 
„ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიაგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან.“

როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს აქ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ.

1516 წლის მცხეთის საპატრიარქოს სამცხეში საქონებელსა და სამწყსოს სიაში, ხერხემლისძეთა მამული სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, უკვე თაქთირისძეთა გვარს ეჭირა. სავარაუდოდ აქ სამცხის სოფელი ხერხემი, ციხე და მისი მიდამოები იგულისხმება. ხერხემლისძენი ამის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიებიან.

არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება

კომპლექსში შედის ოთკუთხა კოშკი, დარბაზული ნაგებობა, ეკლესია, დასავლეთის კოშკი და ახლო–მახლო მდებარე ნაგებობები.

ოთხკუთხა კოშკი

რედაქტირება

შეასავლელი კარის მარჯვნივ ოთხკუთხა კოშკია (10X12 მ.), რომლის კედლები დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლისაა და 4-5 სართულიანი უნდა ყოფილიყო. სართულებს შორის კედლებს კარგად ეტყობა ბუდეები გადახურვის ძელებისათვის. კოშკი ნაგებია მცირე ზომის, თანაბარ ქვათა მწკრივებით, შეინიშნება სხვადასხვა პერიოდის წყობა. კოშკის კუთხეები გარედან მომრგვალებულია.

დარბაზული ნაგებობა

რედაქტირება

გალავნის ზედა კოშკამდე შიდა ეზოში, სამხრეთის კედელთან კიდევ ერთი ნაგებობის კვალია, ჩრდილოეთით კი – ეკლესიის ნანგრევი. მისი სამხრეთის კედელი გათლილი ქვებით ყოფილა მოპირკეთებული. ამათგან სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში ოთხი ლოდიღაა შერჩენილი. ამ დარბაზულ ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს და ერთი სამზერი — ჩრდილოეთ კედელში.

სავარაუდოდ, გალავნის სამზერიან კედელს მერე მიადგეს ეკლესია, რომელიც შეიძლება XIV-XV საუკუნეებით დათარიღდეს.

დასავლეთის კოშკი

რედაქტირება

ციხეში ყველაზე უკეთესადაა შემორჩენილი დასავლეთის კოშკი, რომელსაც გაბატონებული მდებარეობა აქვს. ესაა გარედან მომრგვალებული, ეზოსაკენ კი ბრტყელი კედლით მოქცეული ოთხსართულიანი შენობა. მისი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, ბრტყელი კედლის მეორე სართულზე, ჩანს, მისადგმელი კიბით. კოშკის ქვედა სართულის ფართია 4X5 მ. მესამე და მეოთხე სართულშორისი ცილინდრული გადახურვა, გათლილი ქვებისაგან შემდგარ ერთ თაღს უჭირავს. კედლებში მაღალი საისრე ნიშებია დატოვებული მშვილდის ჩასადგმელად, რომლებიც კედლის სიღრმეში ვიწროვდება. ისინი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ამომავალ ბილიკებს დაჰყურებს. დასავლეთის მხრიდან გალავანს მეორე შემოსასვლელი აქვს. კოშკის მეოთხე, საბრძოლო სართულს, ჩრდილოეთის მხარეს სალოდეების ნაშთიც შერჩენია. ამ ნაგებობას უკეთ ეტყობა ძველი წყობა: გარედან – მცირე, თანაბარი ზომის ქვათა რეგულარული მწკრივები კირხსნარზე; ამავე დროს ეს მოგრძო ლოდები კედლის სიღრმეში პერპენდიკულარულადაა ნაწყობი. ციხის ეს ძველი ფენა სავარაუდოდ VIII-IX საუკუნეებისაა.

ნაგებობები

რედაქტირება

მდინარე ხერხემლისწყლის მეორე, მარჯვენა ნაპირზე კლდეზე კედლები მოჩანს, წყობა ციხის თანადროულია და სავარაუდოდ მისსივე სისტემის ამ გზათა მოდარაჯე ერთ-ერთი კოშკი იყო. ხერხემისწყლის აყოლებით, ციხის მოპირდაპირე ქედზე გამოქვაბული მოჩანს. აქ ორი-სამი მეტრის სიმაღლის კედელია ამოშენებული, სავარაუდოდ მოგვიანო პერიოდისა. სიახლოვის გამო, სავარაუდოდ ისიც ხერხემის ციხეს უკავშირდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები, თბ., 2005
  • ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1998, გვ. 202

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება