ქვემო დმენისის მთავარანგელოზის ეკლესია

ქვემო დმენისის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო დმენისში. აგებულია X საუკუნის I ნახევარში.

ეკლესია ნაგებია დიდი ზომის კარგად თლილი, ღვინისფერი ქვის კვადრებით.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში მაღალი თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით და სამხრეთით მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.

ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები შემორჩენილია 5-6 მეტრის სიმაღლეზე, სამხრეთი და დასავლეთი კი 3-4 მეტრს აღწევს.

სამხრეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანი, გარედან — არქიტრავულია.

აღმოსავლეთი სარკმლის თავზე ჩადგმულია ქვის ფილა, რომელზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ჯვარს გარს შემოუყვება ვაზის სტილიზებური ორნამენტი.

ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები ჰქონდა, რომლისგანაც მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ეკლესიის ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли, Тбилиси, 1975, стр. I01.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 187-188