ქვემო აჩაბეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ქვემო აჩაბეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აჩაბეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე, ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, რომელიც შემდეგ შელესილია.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია ვიწრო სარკმელი. სარკმ-ლის ქვეშ დგას ხის, ტრაპეციის ფორმის ტრაპეზი. სამხრეთით ერთი სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთით - ერთი სწორკუთხა და ერთი თაღოვანი ნიშა. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით, რომელთაც სატრიუმფო თაღი ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მოწყობილია ხის კანკელი. კანკელი მოხატულია.

ეკლესიის კამარა შეისრულია. მთელი ინტერიერი შელესილ-შეთეთრებულია. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის სარკმლებით. იატაკი მოგებულია ქართული აგურის ფილებით.

თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ნაოთხალია. აღმოსავლეთი ფასადის ქვედა ნახევარი ოდნავ წინ გამოწეულია. ზედა შედარებით ვიწროა. დანარჩე-ნი ფასადები გლუვია. კარნიზი ქართული აგურისაა.

საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ეკლესიის იატაკი მრავალ ადგილას აყრილია; ბათქაში ჩამოცვენილია. ნიშები დაზიანებულია; საბურავი მოშლილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 185-186