ქვედა გორის ქაშუეთის ეკლესია
ქვედა გორის ქაშუეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორში.
აღწერა
რედაქტირებაქვედა გორის ქაშუეთის გუმბათოვანი ეკლესია მოპირკეთებულია ნაცრისფერი, თითქმის თანაბარი ზომის კვადრებით და მათი წყობა თარაზულია. დასავლეთის შესასვლელთან მიშენებულია სამ სართულიანი სამრეკლო. პირველი სართული წარმოადგენს ნახევარწრიული თაღებით გახსნილ კარიბჭეს, მეორე სართული კი დახურულ სათავსს, რომლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სარკმლებია განლაგებულია; მესამე სართული საკუთრივი საზარეა, რომელსაც ღია ფანჩატურის ფორმა აქვს. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები ერთმანეთის ანალოგიურია. თაღოვანი კარ-სარკმლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულად არიან განლაგებულნი. ეკლესიას შესასვლელი სამივე მხრიდან აქვს, ყველა კარის წინ ოთხ-ოთხი საფეხურია. სამივე შესასვლელის ბალავარზე გამოსახულია სტილიზებული ჯვარი, მათ გვერდებზე კი წრიული ვარდულები. შვერილი აფსიდა სამნაწილიანია. თითოეულში მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შიდა სივრცე დაყოფილია ოთხი წახნაგოვანი სვეტით, რომლითაც იქმნება პასტოფორიუმები. გეგმით ნახევარწრიული აფსიდის ცენტრში ტრაპეზის ქვა დგას. სამივე აფსიდა გადახურულია სფერული კონქებით, რომელთა სატრიუმფო თაღების ცენტრში ორსაფეხურიანი სოლეაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. გუმბათქვეშა თაღები სვეტებს ეყრდნობა. ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები, რომლებიც ცისფრად იყო დაფერილი. ყველა სვეტის კაპიტელი მარტივპროფილიანია. ეკლესია დგას მაღალ ცოკოლზე, რომელსაც სამმაგი ლილვი შემოუყვება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10263