ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ჩამოყალიბდა როგორც ელენე ჯამარჯაშვილის MBA პროექტი, 2001 წელს ატლანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჯორჯია) მისი სწავლის დროს. თავდაპირველად უნივერსიტეტს ერქვა კავკასიის ამერიკული უნივერსიტეტი და მოიაზრებოდა როგორც სამართლის სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ მსმენელები სამართლის დოქტორის (JD) და სამართლის ბაკალავრის (LLB) წოდებებს იღებდნენ.

ატლანტაში ელენე ჯამარჯაშვილი შეხვდა შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში ცნობილ იურისტის კენეტ ა. ქეთშოს. ბ-ნი ქეთშო გულწრფელად დაინტერესდა MBA პროექტის საფუძველზე უნივერსიტეტის ჩამოყალიბების ამოცანით და დათანხმდა დახმარებოდა უნივერსიტეტს პარტნიორული ურთიერთობები დაემყარებინა ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ იურიდიულ სკოლასთან – ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯთან.

2002 წლის დასაწყისში ელენე ჯამარჯაშვილი თბილისში დაბრუნდა და სათანადო ინვესტორის ძებნა დაიწყო. სწორედ ამ დროს მან გაიცნო რ. მაიკლ ქაუგილი, აშშ-ს დაფინანსებით მომუშავე კონსულტანტი, რომელიც საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და სამხრეთ კავკასიის (SCP) მილსადენების პროექტებთან დაკავშირებით. ბ-ნი ქაუგილი დათანხმდა უნივერსიტეტის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ელენე ჯამარჯაშვილის მრჩეველის როლი შეესრულებინა, ხოლო შემდეგ გახდა უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

დაარსება

რედაქტირება

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თბილისში ბიზნესის ორი საერთაშორისო სკოლა მოქმედებდა, საქართველოში მაინც იყო მოთხოვნილება ჭეშმარიტად დასავლური ყაიდის უნივერსიტეტის შექმნაზე, რომელიც მსმენელებს ბიზნეს-სექტორისათვის საჭირო დამატებით კურსებს, მაგალითად ბიზნესისა და სამართლის გაერთიანებულ კურსს შესთავაზებდა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის გახსნის შესახებ.

შედეგად, 2005 წლის თებერვალში დაარსდა ამერიკელი და ქართველი ინვესტორების ერთობლივი შპს. აღნიშნულ შპს-სა და მის დირექტორთა საბჭოში გაერთიანებული საიმედო და პატიოსანი ადამიანების ჯგუფმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტის ფინანსური და ოპერატიული მართვა უმკაცრესი საერთაშორისო სამართლებრივი, ეთიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით უნდა ეწარმოებინა. გარდა ამისა, ინვესტორებს ცოდნისა და გამოცდილების საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნდათ, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

  • შეერთებული შტატების, საქართველოს და საერთაშორისო სამართალი;
  • შეერთებული შტატების, ქართული და საერთაშორისო ბიზნესი, საბანკო საქმე, ფინანსები და მენეჯმენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით;
  • შეერთებული შტატების, საქართველოს და საერთაშორისო განათლების სისტემები.
  • უნივერსიტეტის დასახელება შეიცვალა და მას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ეწოდა (ნაცვლად კავკასიის ამერიკული უნივერსიტეტისა). "ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მთავრობამ ახალი მიზნები დასახა, რომელთა შორის საქართველოს მოსახლეობაში სიამაყის გრძნობის გაღვივებაც იყო. ამიტომ საბჭომ გადაწყვიტა აქცენტი კავკასიის რეგიონიდან საქართველოზე გადაეტანა.

2012-2013 სასწავლო წლისათვის GAU ახალ შენობაში გადავიდა (მერაბ ალექსიძის 8), რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტებს. 3700 კვმ შენობაში განთავსებული ფართო აუდიტორიები, დიდი ბიბლიოთეკა, კაფე, სპორტული დარბაზი, დიდი ეზო ქმნის საუკეთესო სასწავლო გარემოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება