ქართული ხმები
ქართული ხმები — ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, საქართველოს სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი (1996 წ.).
დაარსდა „ჟურნალისტის“ სახელწოდებით საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტთან 1985 წელს გოგი დოლიძისა და თემურ ჭკუასელის ინიციატივით. „ქართული ხმები“ 1991 წელს ეწოდა. 1992 წლიდან ანსამბლის ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რობერტ გოგოლაშვილი. ამავე წლიდან ანსამბლი ჩამოყალიბდა ასეთი შემადგენლობით: გია ჭირაქიძე, დავით აბესაძე (საქართველოს სახალხო არტისტი), გოგი დოლიძე, გურამ თამაზაშვილი, თემურ ჭკუასელი, დავით გოგიაშვილი, ზურაბ ლოლაძე, ზაურ ბოლქვაძე, მალხაზ თალაკვაძე, გივი ჭიჭინაძე, რობერტ გოგოლაშვილი.
1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი „უნივერსიტეტი“, შემდეგი შემადგენლობით: კახა გრიგალაშილი, დათო კიკაბიძე, გიგა აბესაძე, გივი ბაკურაძე, ზურა ბაკურაძე, დათო უგრელიძე, იასონ მეუნარგია, ლევან ვეშაპიძე. 2000 წელს გამოუშვეს პირველი ალბომი – „გაზაფხულდა აყვავილდა ნუში“, 2002 წელს მეორე ალბომი – „მიწა და ზეცა”
2004 წელს ანსამბლ ქართული ხმებში მოიწვიეს ანსამბლ უნივერსიტეტის სრული შემადგენლობა, პირველმა ხმამ ზაურ ბოლქავაძემ ახლგაზრდებს სიმბოლური გასაღები გადასცა და ასპარეზი შემდეგ თაობას გადააბარა.
„ქართული ხმების“ სიმღერა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობით, მაღალი პროფესიული კულტურით, თავისებური მანერით. საქართველოს ყველა კუთხის უძველესი ხალხური სიმღერების გარდა რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. ანსამბლს გასვლებით შემოვლილი აქვს მრავალი ქვეყანა. გამოშვებული აქვთ მრავალი ფირფიტა 3 კომპაქტდისკი, აუდიოკასეტები და 7 თითო საათიანი ვიდეოკასეტა სახელწოდებით: „ქართული ხმები“ სცენაზე და სცენის მიღმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ,. 2002, გვ.892