ქართული ადრეულა
ქართული ადრეულა — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.
გამოყვანილია მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დიმიტრი ტაბიძის მიერ. მშობელ წყვილებად გამოყენებულია მადლენ ანჟევინი და აგნოსტეგა.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური ფორმის. სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე ხასიათდება ძალიან თხელი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, საშუალო ან საკმაოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, თხელკანიანი, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ რიცხვებში შედის.
ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 90-150 გრამია, ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5-8.0 ტონა.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 558