ქალბატონი შურისძიება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქალბატონი შურისძიება (კორ. 친절한 금자씨) — 2005 წლის სამხრეთ კორეული ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის რეჟისორია პარკ ჩან-ვუკი. ფილმი მისი „შურისძიების ტრილოგიის“ პირველ ნაწილს წარმოადგენს, რომლის შემდგომი ნაწილებია: „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“ (2002) და „ოლდბოი“ (2003). ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის შესახებ, იგი ციხეში მკვლელობის ბრალდებით იჯდა, რომელიც მას არ ჩაუდენია. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი შურს იძიებს რეალურ მკვლელზე.

„ქალბატონი შურისძიება“
ჟანრი თრილერი
რეჟისორი პარკ ჩან-ვუკი
გამოსვლის თარიღი 29 ივლისი, 2005 (2005-07-29TSouth Korea)
ხანგრძლივობა 115 წთ[1]
ქვეყანა სამხრეთი კორეა
ენა
  • კორეული
  • ინგლისური
  • იაპონური

ფილმის პრემიერა 2005 წლის 29 ივლისს სამხრეთ კორეაში შედგა და ამავე წლის სექტემბერში ვენეციის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლომის მოპოვებისთვის იბრძოდა. ფილმმა აღნიშნული ჯილდოს მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა კონკურსგარეშე სექციაში ყველაზე ინოვაციური ფილმის ჯილდო მიიღო. აგრეთვე ლურჯი დრაკონის კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. აშშ-ში ფილმის პრემიერა 2005 წლის 30 სექტემბერს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე შედგა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ლი გეუმ-ჯა 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოდის. მას ბრალად ედებოდა ექვსი წლის ბავშვის, ვონ-მოს, გატაცება და მკვლელობა, რაც ეროვნულ სენსაციად იქცა მისი ახალგაზრდა ასაკის, გარეგნული სილამაზისა და დანაშაულის ნებაყოფლობით აღიარების გამო. მიუხედავად ამისა, პატიმრობის პერიოდში, იგი სხვა პატიმრებისთვის სამაგალითოდ იქცა თავისი სულიერი ტრანსფორმაციის დამსახურებით, რამაც ადრეული გათავისუფლება მოუტანა. ციხიდან გამოსვლისას მას შენობის გარეთ ქრისტიანული მუსიკალური პროცესია ტოფუს სიმბოლურ თავთან ერთად დახვედრას უწყობს. გათავისუფლებულ ლის შურისძიების სურვილი ამოძრავებს.

მალევე ცხადი ხდება, რომ ციხეში ლის „სამაგალითო“ საქციელები საზოგადოების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურობა, რაც ხელს შეუწყობდა მას შურისძიების გეგმის განხორციელებაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი სტუმრობს სხვა პირობით გათავისუფლებულ პატიმრებს და დახმარებას სთხოვს, რაც საკვებით, იარაღითა და თავშესაფრით უზრუნველყოფას მოიცავს. ლი საქმდება საკონდიტრო მაღაზიაში და რომანს აბამს მაღაზიის ახალზარდა თანაშემწესთან, გეუნ-შიკთან, რომელიც იმავე ასაკისაა, რა ასაკისაც ვონ-მო იქნებოდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

მაყურებლისთვის ცნობილი ხდება, რომ ლის ვონ-მო არ მოუკლავს. დეტექტივმა იცოდა მისი უდანაშაულობის შესახებ, თუმცა დაეხმარა მას დანაშაულის სცენის ყალბი დეტალების შეთხზვაში, რათა მისი აღიარება მეტად დამაჯერებელი გაეხადა. საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში ლი დაორსულდა, მშობლებისთვის ამის აღიარების ეშინოდა და დასახმარებლად მასწავლებელს, ბატონ ბაეკს მიმართა, ეს უკასნკელი დახმარების სანაცვლად გოგონასგან თავის გატაცების გეგმაში ჩართვას ფიქრობდა. ლის დახმარებით მან თავისთან მიიტყუა ხუთი წლის ვონ-მო გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, თუმცა ყველაფერი ბიჭის მოკვლით დამთავრდა. ამის შემდეგ ბატონმა ბაეკმა გაიტაცა ლის ჩვილი გოგონა და მას შვილის მოკვლით დაემუქრა, თუ მის დანაშაულს, ბიჭის მკვლელობას, საკუთარ თავზე არ აიღებდა. პატიმრობის მთელი დროის მანძილზე ლი ბატონ ბაეკზე შურისძიებას გეგმავდა ვონ-მოს მოკვლის, მისი ქალიშვილის უდედოდ დატოვების და მისი ციხეში ჩასმის გამო.

წარმოება

რედაქტირება

ფილმის მუსიკალური გაფორმება, რომლის ავტორია ჩოი სეუნგ-ჰიუნი, მძაფრად ბაროკოს თემატიკისაა, მასში მრავლად გვხვდება კლავესინი, ბაროკოს გიტარები და სხვა საკრავები. მთავარი კომპოზიცია ვივალდის „Ah ch’infelice sempre“-ის გადამუშავებული ვერსიაა, რაც კავშირშია ფილმის თემატიკისთან, რადგანაც ვივალდის მელოდიის თავდაპირველ ვერსიას ქალი ასრულებს, რომელიც მოღალატე მამაკაცისადმი შურისძიებისკენ ისწრაფვის. ფილმში ასევე არაერთხელ გვხვდება პაგანინის კაპრიჩიო N24. ფილმის დასასრულს გამოყენებულია ესპანური სიმღერა მარეტა − ვალენსიურენოვანი იავნანა, რომლის ავტორია XVII საუკუნის ანონიმური ალიკანტელი კომპოზიტორი − ჯორდი სავალის არანჟირებით.

შემოსავალი

რედაქტირება

სამხრეთ კორეაში ფილმმა დიდი ფინანსური წარმოტება მოიპოვა.[2] გამოსვლის პირველ კვირას 7,382,034 აშშ დოლარი, ხოლო ჯამში 22,590,402 აშშ დოლარი გამოიმუშავა და ქვეყნის მასშტაბით 2005 წელს გამოსულ ფილმებს შორის შემოსავლის მიხედვით მეშვიდე, ხოლო გაყიდული ბილეთების რაოდენობის მიხედვით მერვე ადგილი დაიკავა.[3]

გამოხმაურება

რედაქტირება

საიტზე Rotten Tomatoes ფილმს 76%-იანი რეიტინგი აქვს. კრიტიკულ კონსესუსში წერია: „სტილისტურად შესანიშნავი და შემზარავად ძალადობრივი „ქალბატონი შურისძიება“ შესანიშნავად ერგება პარკის შურისძიების ტრილოგიის დანარჩენ ფილმებს.“[4] საიტზე Metacritic ფილმის საშუალო შეფასება 75/100-ია.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. SYMPATHY FOR LADY VENGEANCE (18). British Board of Film Classification (9 November 2005). ციტირების თარიღი: 11 July 2015
  2. Kim, Yong-jin (2007). "Park Chan-wook". Seoul Selection.
  3. Commercial Releases in 2005: Box-Office Results. Koreanfilm.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2014-02-11
  4. Sympathy for Lady Vengeance (2005). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 10 March 2017
  5. Lady Vengeance Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 10 March 2017