ფოთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ფოთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩაზე, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ნაგებობაა, რომლის საკურთხევლის აფსიდი კედლის სწორკუთხედშია მოქცეული. შუა ნავი გვერდითებზე უფრო მაღალია და დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი გააჩნია. გვერდითა ნავებს კი ცალფერდა გადახურვა აქვთ. ნავების და სამრეკლოს ქანობიანი სახურავი მოთუთიებული ლითონის ფურცლებითაა დახურული. გარედან ეკლესია მოპირკეთებულია თლილი ტუფის ქვით. ტაძარში შესვლა დასავლეთის მხრიდან ხდება, ღია თაღოვან პორტიკის გავლით. პორტიკს დაშენებული აქვს სამრეკლო, რომელსაც რვაწახნაგა გუმბათის ყელი და კონუსისებრი გადახურვა აქვს. ეკლესიის შესასვლელი კარები ლითონისაა და ჭედურად არის შესრულებული. მასზედ გამოსახულია ქრისტეს ცხოვრებისა და ათორმეტ დღესასწაულთა ციკლის სცენები.

ეკლესიის ინტერიერი კარგად არის განათებული. საკურთხევლის აფსიდში ერთი დიდი სარკმელია გაჭრილი. შემაღლებულ შუა ნავს კამერული გადახურვა აქვს და გაჭრილია ოთხ-ოთხი სარკმელი; გვერდითა ნავებში კი სამ-სამი სარკმელია. შიდა სივრცე სვეტების საშუალებით გამოყოფილია ნავებად. ეკლესიის დასავლეთ კედელზე, სამრეკლოს მხარეს, ანტრესოლში მოწყობილია პატრონიკე მგალობლებისათვის. ეკლესია აღადგინეს 1990 წელს, რის შემდეგაც ნაწილობრივ იცვალა პირვანდელი სახე. ინტერიერის მოხატულობაც ტაძრის აღდგენის პერიოდისაა. საკურთხეველში გამოსახულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. მათ ქვემოთ კი „აღსავლის კარების“ სცენაა მოცემული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17386