ფერნანდუ I (ბრაგანსის ჰერცოგი)
ფერნანდუ I (პორტ. Fernando I; დ. 1403 — გ. 1 აპრილი, 1478) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაგანსის ჰერცოგ აფონსუ I-ის ნაბოლარა ვაჟი. ბრაგანსის ჰერცოგი 1461-1478 წლებში.
ფერნანდუ I | |
---|---|
ბრაგანსის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 დეკემბერი, 1461 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1478 |
წინამორბედი: | აფონსუ I |
მემკვიდრე: | ფერნანდუ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1403 |
გარდ. თარიღი: | 1 აპრილი, 1478 |
მეუღლე: | ხუანა დე კასტრო |
შვილები: | ცხრა შვილი |
დინასტია: | ბრაგანსები |
მამა: | აფონსუ I |
დედა: | ბეატრიზ პერეირა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფერნანდუ დაიბადა 1403 წელს პორტუგალიაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის უკანონო ვაჟის, ბრაგანსის ჰერცოგ აფონსუ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ბეატრიზ პერეირა დე ალვიმის ნაბოლარა ვაჟი. 1460 წელს მისი უფროსი ძმა, აფონსუ გარდაიცვალა, რის გამოც მემკვიდრე ფერნანდუ გახდა, რომელმაც ბრაგანსის ჰერცოგობა 1461 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
ვინაიდან დედამისი ერთ-ერთი უმდიდრესი პორტუგალიელი დიდებულის, ნუნო ალვერეს პერეირას ერთადერთი შვილი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ პერეირების უზარმაზარი ქონება ფერნანდუს დარჩა. იგი გახდა ბარსელოს გრაფი, არაიოლოს გრაფი, ვილა-ვიკოზას მარკიზი, ნეივას გრაფი და ურემის გრაფი. იგი მონაწილეობდა ტანჟერის ალყაში, რის შემდეგაც მეფემ იგი დააჯილდოვა და სეუტას გუბერნატორად დანიშნა.
იგი თავის ბიძაშვილთან, პორტუგალიის მეფე აფონსუ V-თან ერთად მონაწილეობდა ჩრდილო აფრიკის კამპანიაში. 1471 წელს, როდესაც მეფე ასილას დასაპყრობად გაემგზავრა, პორტუგალიას ფერნანდუ მართავდა, როგორც რეგენტი. იგი გარდაიცვალა 1478 წლის 1 აპრილს, ვილა-ვიკოზაში.
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1429 წლის 28 დეკემბერს ფერნანდუმ ცოლად შეირთო ესპანელი დიდგვაროვანი ხუანა დე კასტრო, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა:
- ფერნანდუ II (1430-1483), ბრაგანსის ჰერცოგი. ცოლად შეირთო იზაბელა ვიზეუელი;
- ჟუანი (1430-1484), მონტემორ-ო-ნოვუს მარკიზი, გარდაიცვალა უშვილოდ;
- აფონსუ (1435-?), ფარუს გრაფი;
- ალვარუ (1440-1504), ფერეირას ბატონი;
- ანტონიუ (?-?), დაიბადა მკვდარი;
- იზაბელა (?-?), დაიბადა მკვდარი;
- ბეატრიზი (1440-?), ცოლად გაჰყვა ვილა-რეალის მარკიზ პედრუ დე მენეზესს;
- გვიდომარა (1450-?), ცოლად გაჰყვა ვიანა დო ალენტეჟუს მარკიზ ენრიკე დე მენეზესს;
- კატარინა (?-?), დაიბადა მკვდარი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Gerli, E. Michael, and Armistead Samuel G., Medieval Iberia, p. 182, Taylor & Francis, 2003 ISBN 9780415939188
- ”Nobreza de Portugal e do Brasil” – Vol. II, page 439. Published by Zairol Lda., Lisbon 1989.