ფათქინეთის წმინდა ელიას ეკლესია

ფათქინეთის წმინდა ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ფათქინეთში. აგებულია XIV-XV საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია პერანგშემოცლილია, შემავსებელ მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. დუღაბზე შეინიშნება რიგების სწორხაზოვნება.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის სამხრეთი ფრაგმენტის სიმაღლე 50 სმ-ს აღწევს. ჩრდილოეთით შემორჩენილია სატრიუმფო თაღის ქვედა ნაწილი, რომელიც პილასტრს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ქვის კანკელია. გრძივი კედლები დაყოფილია პილასტრების საშუალებით. დასავლეთი შესასვლელი თაღოვანია. შესასვლელის თავზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.

კედლების სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებია.

ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. იატაკი ამოვსებულია მიწით. ინტერიერში და ძეგლის გარშემო ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004