უნგრული სამზარეულო
უნგრული სამზარეულო (უნგრ. Magyar konyhaművészet) — უნგრეთის ეროვნული სამზარეულო, რომელიც გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით. ტრადიციული უნგრული კერძები ძირითადად ხორცის, სეზონური ბოსტნეულის, ხილის, ახალი პურის, რძის პროდუქტებისა და ყველისგან მზადდება.
პაპრიკა, სანელებლისა და წიწაკის კვინტესენცია ხშირად ასოცირდება უნგრეთთან და გამოიყენება უამრავ კერძში. ტიპურ უნგრულ საკვებში გამოიყენება დიდი რაოდენობით ყველისა და ხორცის ნაწარმი მეზობელი დასავლეთ სლავური (ჩეხური, პოლონური და სლოვაკური) სამზარეულოების მსგავსად. ქათმის, ღორისა და ძროხის ხორცი ძალიან ხშირია, ხოლო ინდაური, იხვი, ცხვარი და თევზი ნაკლებად გამოიყენება (ძირითადად განსაკუთრებულ ღონისძიებაზე/დღესასწაულებზე).
უნგრეთი ასევე ცნობილია მაღალხარისხიანი და შედარებით იაფი სალიამითა და ძეხვეულით, რომლებიც ძირითადად ღორის და ძროხის ხორცისგან მზადდება. პური უნგრული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. იგი მთავარ კერძთან ერთად მიირთმევა. 1990 წელს კომუნიზმის დაცემამდე თეთრი პური ადვილად ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი იყო, უნგრელები ამაყობდნენ მაღალხარისხიანი პურით.
კაპიტალიზმის გავრცელების შემდეგ, მცხობელების ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო შემცირდა პურ-ფუნთუშეულის ხარისხი. მიუხედავად ამისა, უამრავმა ადამიანმა სცადა ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, რის შედეგადაც ბოლო წლებში მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უნგრული სამზარეულო საიტზე Curlie