უკანუბნის ციხის ეკლესია

უკანუბნის ციხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უკანუბანში. აგებულია VI საუკუნეში.

უკანუბნის ციხი კარის ეკლესია ნაგებია, ადგილობრივი ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. სარკმელი საფეხურიანია და გარეთ ვიწროვდება. მისძირში ტრაპეზის ქვა დგას. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი ნიშაა. სფერულ კონქზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკი სამი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით. საკურთხევლის წინმაღალი ბუნის ქვა დგას. ქვის სამ მხარეს მოწყობილია თაღოვანი ნიშები. ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი იმ პოსტებს ეყრდნობა. დასავლეთი თაღი კრონშტეინებსე ბჯინება. დასავლეთის მაღალი და საფეხურებიანი სარკმელი შიგნით არქიტრავული, ხოლო გარეთ თაღოვანია. ამავე კედელში ერთი თაღოვანი ნიშაა. ეკლესიის ჩრდილოეთის და დასავლეთის კედელს ერთ საფეხურიანი ხარისხი შემოუყვება. სამხრეთის ერთადერთ არქიტრავულ შესასვლელს ნაოთხალები აქვს. კარისთავზე ლუნეტია ამოშენებული. ეკლესიის კედლები შელესილი იყო მოსახატად, თუმცა მოხატულობის კვალი არჩანს. იატაკი მიწაყრილია. ეკლესიას სამხრეთიდან გრძელი კარიბჭე აქვს, რომლის მხოლოდ დასავლეთი კედლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიის კარნიზი მარტივ პროფილიანია. გადახურვა ორ ქანობიანია. საბურავად გამოყენებულია ფიქალი. ციხე სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კედლები შემორჩენილია 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე. ციხეში შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. იგი გარეთ არქიტრავული, შიგნით კი თაღოვანია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 171