უაკა-დე-ლა-ლუნა
უაკა-დე-ლა-ლუნა (კეჩ.მთვარის ტაძარი) — საკმაოდ დიდი, გამოუწვავი აგურით ნაშენები მონუმენტი პერუში. აშენებულია მოჩეს კულტურის მიერ. იგი, უაკა-დელ-სოლთან ერთად, უაკა-დე-მოჩეს ნაწილია, რომელიც წარმოადგენს მოჩეს კულტურის უძველესი დედაქალაქის, როგორც მას არქეოლოგები უწოდებენ სერო-ბლანკოს ნარჩენებს.
უაკა-დე-მოჩეს კომპლექსი მდებარეობს თანამედროვე ქალაქ ტრუხილიოდან 4 კილომეტრის დაშორებით, მდინარე მოჩეს ხეობაში. მიუხედავად იმისა, რომ უაკა-დე-ლა-ლუნა უფრო პატარა ზომისაა ვიდრე უაკა-დელ-სოლი, უფრო მეტ არქეოლოგიურ ინფორმაციას იძლევა. უაკა-დელ-სოლი XVII საუკუნეში ნახევრად დანგრეულ იქნა და გაიძარცვა ესპანელი კონკისტადორების მიერ, მაშინ, როდესაც უაკა-დე-ლა-ლუნა შედარებით ხელშეუხებელი დარჩა. დღეისათვის მიჩნეულია, რომ უაკა-დელ-სოლი მოჩეს ელიტის ძვალთსაცავს წარმოადგენდა, ხოლო უაკა-დე-ლა-ლუნა უფრო რელიგიურ ფუნქციებს ასრულებდა.
დღეს უაკა-დე-ლა-ლუნა ღია ყავისფრად გამოიყურება, მაგრამ სავარაუდოდ, მშენებლობის დამთავრებისას, მისი სილამაზე გამაოგნებელ ეფექტს ტოვებდა მნახველზე. ტაძარი მოახატული იყო კედლის მხატვრობით, სხვადასხვა ფერებში: შავად, ღია წითლად, ცისფრად, თეთრად, ყვითლად. მაგრამ მზის სხივებმა და ამინდმა თავისი ქნეს და ტაძარი გაახუნეს.
უაკა-დე-ლა-ლუნა თავის მხრივ წარმოადგენს ფართო კომპლექსს, რომელიც შედგება სამი ძირითადი პლატფორმისგან, რომელთაგან თითოეულს სხვადასხვა ფუნქცია გააჩნია. ერთ-ერთი, ჩრდილოეთის ულამაზესი პლატფორმა, რომელიც მოხატულიც ყოფილა, მძარცველების მიერ იქნა დანგრეული, რის გამოც, ცენტრალური და სამხრეთის პლატფორმების წონასწორობაც დაირღვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.huacas.com
- Sun and Moon Official Project information დაარქივებული 2012-11-26 საიტზე Wayback Machine.