ტილია-კარის მედრესე

ტილია-კარის მედრესე (უზბეკ. Tillа Qori madrasasi) — XVII საუკუნის მუსულმანური სასულიერო-საგანმანათლებლო და საკულტო დანიშნულების კომპლექსი სამარყანდში. რეგისტანის მოედნის არქიტექტურული ანსამბლის მედრესე, რომელიც აგებულია იალანგტუშ ბაჰადურის მიერ. ულუღ ბეგისა და შერდორის მედრესეებთან ერთად ქმნის ერთიან მთლიან არქიტექტურულ ანსამბლს. 2001 წელს სამარყანდის სხვა არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ტილია-კარის მედრესე
უზბეკ. Tillа Qori madrasasi
კოორდინატები 39°39′21″N 66°58′30″E / 39.655758° ჩ. გ. 66.975086° ა. გ. / 39.655758; 66.975086
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
დაწყების თარიღი 1646
დასრულების თარიღი 1660

ისტორია რედაქტირება

ტილია-კარის მედრესეს მშენებლობა დაიწყო 1646 წელს სამარყანდის მმართველის იალანგტუშ ბაჰადურის ბრძანების შესაბამისად, იმ ადგილზე სადაც ჯერ კიდევ XV საუკუნიდან არსებობდა ძლიერ დაძველებული ქარავან-სარაი. მშენებლობის დროს ნაწილობრივ გამოიყენეს მისი ფუნდამენტი და კედელი. მშენებლობის ასაწყისი მომენტისთვის სამარყანდის ორი მეჩეთი (ბიბი-ხანიმის მეჩეთი და ალიკე კუკელტაში) ნანგრევებად იყო ქცეული და დაპროექტების დროს მიიღეს გადაწყვეტილება მედრესეს შენობასთან ერთად აეშენებინათ უმაღლესი სასულიერო სკოლა და ჯუმა მეჩეთი. სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა 14 წელი და დასრულდა 1660 წელს, მშენებლობის დამკვეთის იალანგტუშ ბაჰადურის სიკვდილის შემდეგ. ალბათ ამ მიზეზით, მედრესეს ზოგიერთი ელემენტის დასრულება დაუდევრად განხორციელდა, ხოლო ტილია-კარის მეჩეთის გარე გუმბათი არასოდეს დასრულებულა. ტილია-კარის მეჩეთის მშენებლობით დასრულდა რეგისტანის მოედნის გაფორმება და არქიტექტურულმა ანსამბლმა მიიღო საბოლოო სახე. XIX საუკუნეში მედრესეს შენობა დააზიანა ძლიერმა მიწისძვრამ. განსაკუთრებით დაზიანდა შესასვლელი პორტალი. დაინგრა მისი ზედა ნაწილი ტიმპანთან ერთად. ბუხარის ემირის ჰაიდარის ბრძანებით კარიბჭე აღადგინეს. XX საუკუნის ასაწყისში მედრესეს მოპირკეთების დიდი ნაწილი ჩამოყრილი იყო. სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც დეკორაციის ფრაგმენტების გადარჩენა იყო ფრიად მნიშვნელოვანი საქმე. 1930-იანი წლების დასაწყისში დაიწყო გარე ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. 1950-1958 წლებში გარემონტდა მედრესეს კარის ფასადი და მეჩეთის გუმბათის ბარაბანი. 1970-იანი წლების მეორე ნახევარში აღადგინეს მთავარი ჭიშკრის ტიმპანის დეკორაცია და ააგეს მეჩეთის გუმბათიც. 1979 წელს დასრულდა მეჩეთის ინტერიერის მოხატულობის აღდგენითი სამუშაოები. ამჟამად ტილია-კარის მედრესეში განთავსებულია რეგისტანის მოედანის რესტავრაციის მუზეუმის ექსპოზიცია.

არქიტექტურა რედაქტირება

ტილია-კარის მედრესე მდებარეობს რეგისტანის მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი გემის მიხედვით კვადრატული ტიპის ნაგებობაა, რომლის ზომებია 75х75 მეტრი. არქიტექტორი, როგორც ჩანს ეკუთვნის ბუხარის არქიტექტურულ სკოლას, რადგან მას არ გადაუკოპირებია მოედანზე მდგარი სხვა ორი მედრესეს არქიტექტურული სტილი და გაშალა მედრესეს ფრთები. მთავარი ფასადის პროპორციების ცვალებადობამ გამოიწვია ის, რომ ტილია-კარის მეჩეთი არ გამოიყურება ისე მასშტაბურად და არ იქცევს ისეთ ყურადრებას, როგორც მანამდე რგისტანის მოედანზე აგებული ორი მონუმანტალური მედრესე.

მედრესეს მთავარი ფასადი აგებულია ბუხარის სტილში. იგი შედგება ცენტრალური პორტალისა და ორიარუსიანი ფრონტალური ფრთებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Самаркад. Музей под открытым небом.. — Ташкент: Издательство литературы и искусства имени Гафура Гуляма, 1986. — С. 99-117. — 248 с.
  • Памятники искусства Советского Союза. Средняя Азия. Справочник-путеводитль. / Автор текста и составитель альбома Г.А. Пугаченкова. — М.: Искусство, 1983. — С. 392. — 428 с.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება