ტბეთის საეპისკოპოსო
ტბეთის საეპისკოპოსო — საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია ფეოდალურ საქართველოში, სამცხე-საათაბაგოში.
ისტორია
რედაქტირებატბეთის ეპარქია მოიცავდა ისტორიულ შავშეთს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ საქართველოშია და ამჟამად თურქეთის ტერიტორიაში შედის. ეპარქიის ცენტრი იყო სოფელი ტბეთი, რომელსად დღეს ჯივიზლი (თურქ. კაკლიანი) ეწოდება. ტბეთის ეპარქია დაარსებულა IX საუკუნის ბოლოს ან X საუკუნის დასაწყისში, ერისთავთ-ერისთავის, აშოტ კუხის მიერ:
1650 წლის, S – 252 გ. ხელნაწერში აღნიშნულია, რომ მტბევარ საფრიძეს „იშხნელობა და მაწყვერლობა მოუვიდა ხვანთქრისგან“ . როგოც ზემოთმოყვანილი წყაროდან ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური საეპისკოპოსოები ოსმალეთის სასულთნოს დაქვემდებარებაშია და უშუალოდ სულთანი ამტკიცებდა ეპისკოპოსებს საგანგებო ფირმანით. გედეონ საფრიძე მტბევარ-იშხნელ-მაწყვერელის შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული წყაროებიდან, სხვა მღვდელმთავარი აღარ ჩანს ამ კათედრაზე.
XVI საუკუნის დასაწყისში შედგენილი სამართლებრივი ძეგლი: „კათალიკოზის ხელქვეშეთი მღვდელმთავარნი და სამწყსონი სამცხე-საათაბაგოში“ წარმოადგენს სამცხე საათაბაგოს ტერიტორიაზე არსებულ ეპარქიათა დიპტიქს, მასში პატივის მიხედვით ჩამოთვლილია ცამეტი მღვდელმთავარი და კათედრა, რომელიც ექვემდებარებოდა ქართლის კათოლიკოსს და ასევე, ამ ეპარქიათა საზღვრები: მაწყუერელის, კუმურდოელის, იშხნელის, ანჩელის, მტბევარის, წურწყაბლის, წყაროსთუელის, ერუშნელის, ვალაშკერტელის, ანელის, კარელის, ბანელის, დადაშნელის. „ამ ეპისკოპოსთა მაკურთხეველი და უფროსი ქართლის კათოლიკოსი არის და იმის ხელთა არის ყოველივე“. ამ წყაროს თანახმად მტბევარი ეპისკოპოსი მესხეთში არსებულ ეპარქიათა შორის პატივით მეხუთე ადგილას იდგა.
საეპისკოპოსოს საზღვრები
რედაქტირებატბეთის საეპისკოპოსო XVI საუკუნის დასაწყისში შედგენილი ერთი საინტერესო სამართლებრივი ძეგლის: „კათალიკოზის ხელქვეშეთი მღვდელმთავარნი და სამწყსონი სამცხე-საათაბაგოში“ თანახმად: „მტბევარის სამწყსო: დახატულას ზედათი, ანაკერტს აქეთ, სულა შავშეთი მიჭიხიანათ, ბატონის უწმიდესის კათალიკოზის ყოფილა; იმ ქვეყნის ეპისკოპოზის იასაულიც ის ყოფილა; აჭარა დანდალოს ზეით მას ჰქონია, დანდალოს ქვემოთი აჭარა ქუთათლის სამწყსო ყოფილა...“. აქ მოყვანილ წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავშეთი, ზემო აჭარა ეპარქიულად მტბევარის სამწყსოში შედიოდა და ქართლის კათოლიკოსის იურისდიქციის ქვეშ იყო. „ესე უკუნისამდის გასათავებელი წიგნი მოგახსენე მე, მტბევარმა საბამ, თქუენ, წმიდასა კათოლიკე სამოციქულოსა საყდარსა, თქუენსა საჭეთმპყრობელსა ქართლისა კათალიკოზსა პატრიარქსა დომენტის, მას ჟამსა, როდეს გუაკურთხეთ. თქუენის საყდრის ერთგული და თქუენის ბრძანებისა მორჩილნი ვიყვნეთ...“. ქვემო აჭარა კი ქუთათელი მღვდელმთავრის ეპარქიის ნაწილი იყო და აფხაზთა კათოლიკოსის სამწყსოს წარმოადგენდა.
მტბევარი მღვდელთმთავრების სია
რედაქტირებაჩვენს ხელთ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, ჯერჯერობით, ჩვენთვის ცნობილია 14 მტბევარი ეპისკოპოსის შესახებ, ესენი არიან:
- სტეფანე (IX საუკუნის დასასრული — X საუკუნის დასაწყისი)
- იოანე (995 — XI საუკუნის დასაწყისი / 995 წლიდან მაწყვერელი)
- აკვილა (995 — XI საუკუნის დასაწყისი)
- სამოელი (XI საუკუნის 10-იანი წლები)
- საბა (XI საუკუნის 20-იანი წლები)
- პავლე (XII საუკუნის 60-იანი წლები)
- იოვანე მტბევარ-საფარელი (XII საუკუნის დასასრული)
- გიორგი (XIII საუკუნე)
- კვირილე (XIV საუკუნის შუა ხანები)
- სვიმეონი (XV საუკუნის II ნახევარი / 1485 წლიდან მაწყვერელი)
- დიმიტრიოსი (XVI საუკუნის 20-იანი წლები)
- საბა წყმედისძე მტბევარ-ხახულარი (1556 წლიდან)
- ელისე დმანელ-მტბევარი (XVI საუკუნის 80-იან წლებში)
- გედეონი საფრიძე (XVII საუკუნის შუა ხანები, 1637 წლიდან მტბევარი, იხსენიება 1650 წელსაც).
ლიტერატურა
რედაქტირება- მალხაზ ჩოხარაძე, „დახატულა“ და რამდენიმე კითხვა ანჩისა და ტბეთის ეპარქიათა საზღვრებისა გამო — „ჩვენი სულიერების ბალავარი“, ბსუ-ს ქრისტიანული კვლევის ცენტრის სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ტ. VI, ბათუმი, 2014 წ;
- სილოგავა, ვარელი, შენგელია, კახა, ტაო-კლარჯეთი, თბილისი: „კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2006;
- დოლიძე, ი, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, თბილისი: „მეცნიერება“, 1970.