ტბეთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელი ტბეთის ჩრდილოეთით 2,5 კოლომეტრზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი დგას სოფლის ჩრდილოეთით. მისაგან გადარჩენილია სამხრეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლების მცირე მონაკვეთი. საძირკვლის მიხედვით შეგვიძლია აღვადგინოთ კოშკის მთლიანი გეგმა. კოშკის ქვედა სართული ამოვსებულია ნანგრევებით, მიწით და მაღალი ბუჩქნარით, რაც ძლიერ ართულებს აღწერას. სართულშუა კოჭოვანი გადახურვა დღეს აღარ არსებობს.

პირველი სართულის აღმოსავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში ვიწრო და მაღალი სარკმელია. სამხრეთი კედლის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში სათოფურია, მთელ კედელზე კი — სამი ვიწრო, მაღალი სარკმელია, რომელთა შორის თითო სათოფურია დატანებული. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში სარკმელია, სამხრეთი კედლის ცენტრში შემოსასვლელი.

სამხრეთ კედელს, გარედან, ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს მიდგმული. იგი მთელ დარჩენილ სიგრძეზე აუყვება კედელს.

კოშკს ჰქონდა გალავანი, რომელიც სამხრეთი კედლის გაგრძელებას წარმოადგენს. კოშკი ნაგებია სხვადასხვა ჯიშის ქვით, გამოყენებულია ფლეთილი, რიყის და დამუშავებული კვადრები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 172-173